ვივიანი (Vivian) კათრინ (1917, ლონდონი, – 2010, იქვე), ინგლისელი მწერალი და მთარგმნელი. დაამთავრა სორბონის უნ-ტი (პარიზი) ფრანგ. ცივილიზაციის სპეციალობით. იყო ქართველოლოგიური სემინარის მსმენელი პროფ. დ. ლანგთან ლონდონის უნ-ტში. მუშაობდა ჟურნალისტად. გამოქვეყნებული აქვს საკუთარი და თარგმნილი ლექსები და პიესები; წერილები ქართ. ყოფის, ლიტ-რისა და ხელოვნების სხვადასხვა პრობლემების შესახებ; არის „ვეფხისტყაოსნისადმი” მიძღვნილი სამეცნ. სტატიების ავტორი. კითხულობდა მოხსენებებს შუა საუკუნეების ქართ. კულტ. შესახებ არაერთ საერთაშ. სიმპოზიუმზე როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთსა და ევრ. სხვა ქვეყნებში. ინგლისურად თარგმნა და გამოსცა კ. სალიას მონოგრაფია „საქართველო” (1975); ს.-ს. ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა” (1983); „ქართლის ცხოვრება” [(ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე); 1992]. ორგზის გამოსცა „ვეფხისტყაოსნის” თარგმანი (ლონდონი, 1977, ამსტერდამი, 1995), რ-იც შესრულებულია პროზად. ლექსად გაწყობილია პოემის მხოლოდ პროლოგი და ეპილოგი. მთარგმნელი ცდილობს ტექსტი შეუხამოს თანამედროვე ინგლ. მკითხველის ლიტ. გემოვნებას და ხშირად ამარტივებს რუსთველისეულ რთულ მხატვრულ სახეებს, განმარტავს ან ტოვებს ზოგ მეტაფორას და ა.შ.: პოემას ერთვის მთარგმნელის კომენტარები და შესავალი წერილი, რ-შიც წარმოდგენილია მნიშვნელოვანი პარალელები აღმოსავლურ ლიტ-რასთან და საინტერესო დასკვნები პოემის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შესახებ. 1995 ვ-ს მიენიჭა საზღვარგარეთელი ქართველოლოგებისათვის დაარსებული მ. უორდროპის პრემია. 1977 აირჩიეს თბილ. სახელმწ. უნ-ტის საპატიო დოქტორად.
ე. ხინთიბიძე