ვინსენტ დე ბოვე

ვინსენტ დე ბოვე (Vincent de Beauvais), ვინცენტიუსი ((Vincentius) (1184/94–1264), ფრანგი მეცნიერი, პედაგოგი, დომინიკელი ბერი, შუა საუკუნეების პირველი ენციკლოპედიის ავტორი. ენციკლოპედია შედგენილია 1247–60 შორის. მოიცავს 80 წიგნს. ემყარება 2000-მდე წყაროს. შედგება სამი ნაწილისაგან. პირველი ეხება ისტორიას, მეორე – თეოლოგიას, მესამე – ბუნებას. ვ. დე ბ-ს ცნობით „ქართველები მართლაც ქრისტეს თაყვანისმცემელი ხალხია, ბერძნულ წესს იცავენ, სპარსელთა მეზობლად ცხოვრობენ და შორს არიან აღთქმული მიწისაგან: მათი ტერიტ. გადაჭიმულია თითქმის კასპიის მთებამდე. მამაკაცები მებრძოლნი არიან, თავზე ტონზურა აქვთ, სას. პირებს – მრგვალი, ხოლო საეროებს – ოთხკუთხედი. წარჩინებული ქალები განსწავლულნი არიან საომარ ხელოვნებაში. როცა მამაკაცები საომარ მწყობრში ემზადებიან მტერთან შესაბრძოლებლად, ერთი ყლუპით სცლიან წყალგარეული ღვინით სავსე პატარა მათარას და ამის შემდეგ მაშინვე მამაცურად მიაქვთ იერიში მოწინააღმდეგეზე”. აქაც და შემდეგაც ვ. დე ბ. ნაწილობრივ იმეორებს ოლივერუსის ცნობებს, რომ ქართველები აღუფრთოვანებია ჯვაროსანთა მიერ ქ. დამიეტას აღებას და თვითონაც გადაუწყვეტიათ დაეპყროთ სარკინოზთა რომელიმე განთქმული ქალაქი.

ლიტ.: თ ვ ა რ ა ძ ე  ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII–XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004.

ა. თვარაძე