გრიგოლ IX (Gregorius; ერისკაცობაში – გრაფი უ გ ო ლ ი ნ ო დ ი ს ე ნ ი – Ugolino di Segni) (დაახლ. 1145, ანანი, – 22. VIII. 1241, რომი), რომის პაპი 1227-იდან.
გერმ. იმპ. ფრიდრიხ II-თან ბრძოლაში აგრძელებდა პაპი ინოკენტი III-ის თეოკრატიულ პოლიტიკას, დევნიდა მწვალებლებს; ინკვიზიცია გადააქცია კათოლ. ეკლესიის მუდმივ ორგანოდ (1232).
ცნობილია გ. IX-ის 2 საპასუხო წერილი საქართვ. მეფის რუსუდანისა და მისი ძის დავითისადმი. პირველ წერილში (1233 წ. 11 აპრ.) გ. IX რუსუდანს სთხოვდა თბილისში მყოფი მინორიტების ორდენის მისიონერთა მფარველობას, ხოლო მეორე წერილიდან (1240 წ. 13 იანვ.) ჩანს, რომ რუსუდანსა და დავითს პაპისათვის მონღოლების წინააღმდეგ დახმარება უთხოვნიათ.
პაპს საპასუხოდ ვრცელი წერილი მოუწერია: „პაპი გრიგოლ IX ბრწყინვალე რუსუდანს და შვილს დავითს, საქართველოს დედოფალს და მეფეს... ხოლო ჩვენი სიამოვნება შეასუსტა და სიხარული გაგვიმწარა იმ ამბავმა, რომელიც გვაუწყეთ თქვენის წერილით, რომ კათოლიკე სარწმუნოების მტერნი თათარნი შემოსულან თქვენს სამეფოში და დიდი ვნება მოუყენებიათ თქვენთვის ... სარკინოზნი, რომლებსაც სირიაში ვეომებით, არ გამოუშვებენ მანდეთ ჩვენს მხედრობას. ამ თქვენმა ამბავმა ძლივს მოაღწია ჩვენამდე. ქრისტიანე სარწმუნოების დაცვისათვის დაუცხრომელად ვეომებით მტერსა იტალიასა, სირიასა და ესპანეთში, ამიტომ აღარ შეგვიძლია დაგეხმაროთ. რაკი სხვაფრივ ვერ შევიძელით თქვენი შეწევნა, ამიტომ ვინებეთ ამ წერილის გამოგზავნა, რათა ამითი კარგად სცნოთ ჩვენი თქვენდამი სიყვარული, რომელიც ვერ გამოგიხატეთ თქვენ მიერ ნათხოვნის მიცემით". ამავე წერილიდან ცხადი ხდება, რომ პაპს საქართველოში გამოუგზავნია დომინიკელთა ორდენის მისიონერები.
ლიტ.: თ ა მ ა რ ა შ ვ ი ლ ი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902.
გ. ჟორდანია