ვირშელი იოანეს ძე (1376 – დაახლ. XV ს. დამდეგი), ცხრაზმისხევის (ქსნის) ერისთავი. ერისთავობის პირველსავე წელს ააშენა წმ. ნიკოლოზის ქვიტკირის ეკლესია. შემოიმტკიცა დვალები, მნაველები, თრუსოსხეველები, მოხევეები, ფადელ-ცხვატელნი. თემურლენგის 1400 წ. შემოსევის დროს, გიორგი VII-ის დას. საქართველოში გადასვლის შემდეგ, ვ. დედაწულით ბეხუშის ციხეში შეიხიზნა. თემურლენგს ბურდიასშვილი ვირშელი გამოუძღვა და მტრის ლაშქარმა „შემუსრა ყოველი ციხენი და დააქცივნა ყოველნი საყდარნი, მონასტერნი და ეკლესიანი”. მაშინ ვ-მა ხიზნები ქნოღოს ციხეში გადაიყვანა, თვითონ ბუხუშის ციხესთან შეება მტერს, ხეობის ვიწროებში დაამარცხა თემურლენგის ლაშქარი და გამარჯვებული მიბრუნდა ქნოღოს ციხეში. მტრის შემოსევით ისარგებლეს დვალებმა და უღალატეს ვ-ს. ლიხთ-იმერეთიდან გადმოსულმა გიორგი მეფემ და ერისთავმა ამის გამო დვალებზე გაილაშქრეს, დაამარცხეს, ხელთ იგდეს დიდი ალაფი და „დაფლული მრავალი განძი”.
წყარო: ძეგლი ერისთავთა, შ. მესხიას გამოც., «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 30.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
მ. ზალდასტანიშვილი