ვიტე სერგეი იულის ძე

ვიტე სერგეი იულის ძე [17(29). VI. 1849, თბილისი, – 28. II(13.III). 1915, პეტერბურგი], რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი (1905), დიპლომატი, პეტერბურგის მეცნ. აკად. საპატიო წევრი (1893). ვ. 17 წლის ასაკამდე თბილისში იზრდებოდა. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდგომ კი თბილ. ვაჟთა კლასიკური გიმნაზია დაამთავრა. 1866 ოჯახი საცხოვრებლად ქ. ოდესაში გადავიდა. ვ-მ 1870 დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) საიმპერატორო უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკულტეტი. ვ. იყო საიმპერატორო კართან (თავიდან ალექსანდრე III-ის, შემდგომ კი ნიკოლოზ II-ის მმართველობის პირველ ნახევარში) ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი. 1892-იდან იყო თავდაპირველად გზათა მიმოსვლის, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრი, 1903-იდან – მინისტრთა კომიტეტის, ხოლო 1905–06 – მინისტრთა საბჭოს თავ-რე (რუს. ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი). ვ-ს ინიციატივით განხორციელდა დიდმასშტაბიანი ეკონ. ღონისძიებები: შემოღებულ იქნა სახელმწ. მონოპოლია ღვინოზე (1894), გაიყვანეს ციმბირის რკინიგზა, გატარდა ფულის რეფორმა (1897). ვ. ატარებდა ეკონ. განვითარების ფორსირების პოლიტიკას, რაც დაკავშირებული იყო უცხ. კაპიტალის მოზიდვასთან ქვეყნის მრეწველობაში (მათ შორის თბილ. და ქუთაისის გუბერნიების სამთამადნო მრეწველობაში), ბანკებსა და სახელმწ. სესხებში. XIX ს. 90-იანი წლების ბოლოს ვ-მ შეიმუშავა აგრ. რეფორმათა ფართო პროგრამა, რ-იც შემდგომში პრემიერ-მინისტრმა პ. სტოლიპინმა ცხოვრებაში ნაწილობრივ გაატარა. 1905 ვ. ხელმძღვანელობდა სამშვიდობო დელეგაციას პორტსმუთში, სადაც ხელი მოაწერა კაპიტულანტურ საზავო ხელშეკრულებას იაპონიასთან. ვ. იყო ინიციატორი 1905 წ. 17 ოქტ. მანიფესტისა, რ-ითაც იმპერატორის სახელით რუს. მოსახლეობისათვის პოლიტ. უფლებათა ბოძების შესახებ გამოცხადდა. ამის საფუძველზე ჩატარებული რუს. პირველი სახ.-წარმომადგენლობითი არჩევნების შემდეგ მოწვეულ იქნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო – სახელმწ. დუმა. სიცოცხლის ბოლო წლებში ვ. ჩამოცილებული იყო აქტ. სახელმწიფოებრივ საქმიანობას და მემუარების წერით იყო დაკავებული. 1907–12 გამოქვეყნდა მისი „მოგონებები”, რ-იც მნიშვნელოვანი წყაროა ცარიზმის პოლიტიკის შესასწავლად. ვ. დაკრძალულია პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრის ლაზარევის სასაფლაოზე.

თხზ.: Воспоминания, т. 1–3, М., 1960.

ლიტ.: А н а н ь и ч  Б. В., Г а н е л и к  Р. Ш., Сергей Юльевич Витте, «Вопросы истории», 1991, №8;  Т а р л е  Е. В., Граф С. Ю. Витте. Опыт характеристики внешней политики, Л., 1927.

გ. გ. ლორთქიფანიძე