ვიქტორია (Victoria), წყლის მცენარეთა გვარი დუმფარასებრთა ოჯახისა. აქვს წყალზე მოტივტივე დიდი ზომის აკეცილკიდეებიანი ფოთლები; ფოთლის ქვედა მხარეზე განვითარებულია მსხვილი ძარღვების ქსელი, რ-იც შეიცავს ჰაერშემცველ ქსოვილს. გვარში 2 სამხრეთამერიკული სახეობაა: ა მ ა ზ ო ნ ი ს ვ. (V. amazonica, V. regia) იზრდება მდ. ამაზონის აუზში, მისი ფოთლის დიამეტრი 2 მ აღწევს და 50 კგ-ზე მეტ ტვირთს უძლებს. დიდი (დიამეტრი 25–35 სმ) და სურნელოვანი ყვავილი აქვს, რომელიც ყვავილობს 2 დღე-ღამის განმავლობაში, ამ დროს გვირგვინის ფურცლების ფერი იცვლება თეთრი და ვარდისფრიდან – ჟოლოსფრამდე. დღისით ყვავილი იკეცება და ეშვება ფსკერზე, სადაც შავთესლიანი ნაყოფი ვითარდება. მეორე სახეობა (V. cruziana) გვხვდება მდ. პარანის აუზში (პარაგვაი, ბოლივია). მისი ფოთლის დიამეტრი 1,4 მ აღწევს. ორივე სახეობას აშენებენ ორანჟერეებში. თბილ. ბოტან. ბაღში კარგად ხარობს V. cruziana.
გ. ნახუცრიშვილი