გრიგოლ აკნერცი, გრიგოლ აკანელი, XIII ს. სომეხი ისტორიკოსი, კირაკოს განძაკეცისა და ვარდან არეველცის უმცროსი თანამედროვე, მოძღვარ ვანაკანის მოწაფე.
ადრე ლიტ-რაში მალაქია აბეღას, ანუ ბერის სახელით იყო ცნობილი. მისი თხზულება „მოისართა ტომის ისტორია" გადმოგვცემს ამიერკავკასიასა და მცირე აზიაში მონღოლთა შემოსევებისა და მათი გაბატონების ისტორიას 1220-იდან 1275-მდე.
გ. ა-ის ცნობები საინტერესო დეტალებითა და ეპიზოდებით ავსებს სხვა სომეხი ავტორებისა (ვარდან არეველცი, კირაკოს განძაკეცი, სტეფანოს ორბელიანი და სხვ.) და ჟამთააღმწერლის მონათხრობს ამ ხანის ამიერკავკ. ისტორიაზე.
მონღოლების ბატონობის დროინდელ საქართველოს გ. ა. წარმოგვიდგენს ფეოდ. დაქსაქსულ ქვეყნად, სადაც ურთიერთმტრობა, უზრუნველობა და დროსტარებით გატაცება ქართ. არისტოკრატიის დამახასიათებელი ნიშან-თვისება გამხდარა; აღწერს საგამის ველზე ქართველთა ლაშქრის პირველ საბრძოლო შეხვედრას მონღოლებთან და მის მონაწილეობას მონღოლთა გაუთავებელ სამხ. ექსპედიციებში; დაწვრილებით გადმოგვცემს მონღოლთა წინააღმდეგ დავით ლაშას ძის მეთაურობით 1249 აჯანყების მომზადებას, რ-იც გამცემლობისა და აჯანყების ხელმძღვანელთა დაუდევრობის შედეგად ჩაშლილა. თხზულებაში ცალკე ადგილი აქვს დათმობილი საქართველოში მონღოლთა ბატონობის ხანაში გაჩენილ მედროვეთაგან ყველაზე გავლენიანი პირის – სადუნ მანკაბერდელის აღზევების ისტორიას.
თხზ.: მოისართა ტომის ისტორია. სომხ. ტექსტი ქართ. თარგმ. და კომენტარით გამოსცა ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1961.
ლიტ.: მ ე ლ ი ქ ს ე თ - ბ ე გ ი ლ., საქართველოს ისტორიის წერილობითი წყაროების პუბლიკაციები. კატალოგი, [ტ.] 1, თბ., 1949; Абегян М., История древнеармянской литературы, Ер., 1975.
გ. მაისურაძე