ვოდევილი

ვოდევილი (ფრანგ. ვაუდევილლე), მცირე ფორმის კომედიური ჟანრი, წარმოიშვა საფრანგეთში. ქართ. ლიტ-რაში XIX ს. II ნახევარში გაჩნდა და კომედიასთან ერთად განვითარდა. თავდაპირველად წამყვანი ადგილი ეკავა სხვა ენებიდან (უმთავრესად რუს. და ფრანგ.) თარგმნილ და გადმოკეთებულ პიესებს, თუმცა პარალელურად იქმნებოდა ორიგინ. ნიმუშებიც (რ. ერისთავის, ზ. ანტონოვის, ა. თუთაევის, პ. უმიკაშვილისა და სხვ.). ქართ. ვ-ისათვის ძირითადად დამახასიათებელია ინტრიგა, ზოგჯერ ნაკლებად დამაჯერებელი, რაც გამოყენებულია მახვილი კომიკური სიტუაციების შესაქმნელად მოქმედების დინამ. განვითარებისათვის. ეს სიტუაციები უმეტესად გარეგან კომიკურ ეფექტებს ემყარება (ა. წერეთლის „ბუტიაობა”, რ. ერისთავის „ბრილიანტი” და „პარიკმახერისას”, ა. ცაგარლის „ჭკუისა მჭირს”, დ. აწყურელის „რა ოინია” და სხვ.). ხშირად ეპიზოდური კომიკური სიტუაციების საფუძველი ხდება არა ღრმა ცხოვრებისეული კონფლიქტები, არამედ ყოფითი წვრილმანები ან რაიმე ადამიანური ნაკლი (გულუბრყვილობა, დაბნეულობა, გონებაშეზღუდულობა, პატივმოყვარეობა, ტრაბახი, თვითგანდიდება, ფიზ. დეფექტიც კი). ამდენად, აქ დომინანტობს მდგომარეობის კომიზმი, რაც, თავის მხრივ, მოქმედების, პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულების მოულოდნელი შემობრუნებით და მშვიდობიანი ფინალით ხასიათდება. ვ-ების სიჭარბე განსაკუთრებით XIX ს. 80-იან წლებში შეინიშნება, თუმცა, მათი დიდი ნაწილის იდეურ-შემეცნებითი დონე დაბალი იყო, რის გამოც იგი სცენას ვეღარ შემორჩა. თავისი ღირებულებით იმ დროისათვის გამოირჩეოდა ზ. ანტონოვის, ვ. გუნიას, რ. ერისთავის, ა. ცაგარლის, ბ. ჯორჯაძის და სხვა ავტორთა ვ-ები. ეს ჟანრი ვითარდებოდა XX ს. ლიტ-რაშიც (ტ. რამიშვილის, კ. კალაძის, გ. ბუხნიკაშვილის, ი. ტარუაშვილის და სხვათა პიესები). მართალია, ტრანსფორმაციის პროცესში მან დაკარგა ვ-ის კლასიკური ფორმისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშანი (ახ. ვ-ებში სიმღერა და ცეკვა, როგორც ჟანრის სინთეზურობის მაჩვენებელი, მკრთალად არის წარმოდგენილი), მაგრამ ისინი სრულად როდია გამქრალი, რაც მას კვლავაც გარკვეულ დამოუკიდებლობასა და თავისთავადობას ანიჭებს. ქართ. სცენაზე ვ-ის ბრწყინვალე შემსრულებლებად ითვლებიან ვ. აბაშიძე, ნ. გაბუნია, ვ. გოძიაშვილი, ა. კვანტალიანი, ე. მანჯგალაძე, კ. მესხი, ა. ჟორჟოლიანი, . საფაროვა-აბაშიძე,. ყიფიანი, ე. ჩერქეზიშვილი, რ. ჩხიკვაძე, ი. ხვიჩია და სხვ.

გ. ლომიძე