ვოლკონსკის ელჩობა კახეთში 1637–40, რუსეთის სამეფოს ელჩობა კახეთში. საქართველოში გამოემგზავრა თეიმურაზ I-ის ელჩთან, ბერძენ მიტროპოლიტ ნიკიფორესთან, მოლაპარაკების (1637 ივნისი) შემდეგ. ელჩობაში მონაწილეობდნენ: თავადი თეოდორე ვოლკონსკი, დიაკი (მდივანი) არტემ ხვატოვი, თარჯიმნები, სას. პირები, მხატვრები და ხელოსნები. 1637 ოქტომბერში ვ. ე. რუსეთიდან გამოემგზავრა და 1638 სექტემბერში თერგის გზით ალავერდში ჩავიდა. ელჩებმა თეიმურაზ I-ს გადასცეს რუსი ხელმწიფის წერილი, რ-შიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთი კისრულობდა მტრისაგან ივერიის ქვეყნის დაცვას. კახეთის მეფე კი რუსეთისგან ითხოვდა: კახეთის ახლოს ციხესიმაგრის აგებას და იქ 2000 კაცის ჩაყენებას; ასევე ირანთან შუამდგომლობას, რათა შაჰს თეიმურაზისათვის დაებრუნებინა ქართლი. 1639 აპრილს მოლაპარაკება განახლდა ზაგემში. ქართველმა დიპლომატებმა ფიცის წიგნის საკუთარი პროექტი წარადგინეს, მაგრამ რუსმა ელჩებმა მოითხოვეს რუსეთში შედგენილი ფიცის წიგნის უცვლელად მიღება. 1639 წ. 23 აპრილს თეიმურაზ I-მა, ხოლო 25 აპრილს კახელმა დიდებულებმა, ხელი მოაწერეს რუს. ერთგულების ფიცის წიგნს. 1640 იანვარში ვ. ე. ქართველთა ელჩის ნიკიფორეს თანხლებით მოსკოვში დაბრუნდა.
ლიტ.: Б е л о к у р о в С. А., Поездка старца Арсения Суханова в Грузию (1637–1640), «Христианское чтение», 1884, кн. 3–4; П о л и е в к т о в М. А., Материалы по истории грузино-русских взаимоотношений. 1615–1640, Тб., 1937.
ვ. მაჭარაძე