ვორონოვი იური ნიკოლოზის ძე [1 (13). VI. 1874, თბილისი, – 10. XII. 1931, ლენინგრადი], რუსი სისტემატიკოსი და ბიოლოგი. საქართვ. (განსაკუთრებით აფხაზეთის) ფლორისა და მცენარეულო-ბის მკვლევარი. 1894 ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთ. გიმნაზია. სწავლობდა ნოვოროსიის (ოდესა) უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტზე, 1896-იდან – მოსკოვის უნ-ტსა და სას.-სამ. ინ-ტში, 1897–98 – მონპელიეს (საფრანგეთი) სას.-სამ. კოლეჯში, შემდეგ პეტერბურგის სატყეო ინ-ტისა და უნ-ტის მსმენელი იყო. 1902-იდან დაიწყო კავკ. ბოტან. შესწავლა, რასაც მიუძღვნა თითქმის მთელი თავისი მეცნ. მოღვაწეობა. 1906-იდან მუშაობდა თბილ. ბოტან. ბაღსა და საქართვ. სახელმწ. მუზეუმში. 1918–21 იყო ამ მუზეუმის დირექტორი, 1923–24 – თბილ. სახელმწ. პოლიტექ. ინ-ტის პროფესორი. 1925-იდან ლენინგრადის მემცენარეობის ინ-ტში მოღვაწეობდა. 1925–26 ხელმძღვანელობდა პირველ საბჭ. ბოტან. ექსპედიციას ამერიკაში. ვ. მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორია. მისი სისტემატიკური ხასიათის ნაშრომები შესულია ფუნდამენტურ „Flora Caucasica Critika”-ში, აღმოაჩინა და აღწერა მცენარეთა მრავალი ახ. სახეობა.
ზ. ღვინიანიძე