ვორონცოვ-დაშკოვი ილარიონ ივანეს ძე [27. V (8. VI). 1837, პეტერბურგი, – 15 (28). I. 1916, ალუპკა], კავკასიის მეფისნაცვალი (1905–15), კავკასიის ფრონტის მთავარსარდალი (1914–15). გრაფი, რუს. სახელმწ. მოღვაწე. კავალერიის გენერალი (1890). ვ.-დ. კავკასიაში თვითმპყრობელობის განმტკიცების პოლიტიკას ატარებდა. აწყობდა დამსჯელ ექსპედიციებს რევ. გამოსვლების წინააღმდეგ. იყენებდა თავისი ხელშეწყობით შექმნილ შავრაზმულ ორგანიზაციებს. ხუცეს გოროდცოვის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის მიერ მთავრობის მხარდასაჭერად მოწყობილ მანიფესტაციას 1905 წ. 21–22 ოქტომბერს მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა თბილისში. ვ.-დ. ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობდა ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხებს, კავშირი დაამყარა დაშნაკ ნაციონალისტთა ლიდერებთან და მათთან შეთანხმებით 1913 ნოემბერში დაავალა სპეც. თათბირს განეხილათ ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრების თბილ. გუბერნიიდან გამოყოფისა და ცალკე სომხ. გუბერნიის შექმნის საკითხი. თათბირმა, რ-შიც სომხებიც მონაწილეობდნენ, ეს წინადადება უარყო. ვ.-დ. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ამიერკავკასიის რუსიფიკაციას. 1909 დაისახა ამოცანა, ამიერკავკასიაში ჩამოესახლებინა ნახევარი მლნ. რუსი და მათი რაოდენობა, ნაცვლად 2,5 პროცენტისა, 15 პროცენტამდე გაეზარდა. ფართო კოლონიზაციის შედეგად 1908–15 საქართველოში გადმოასახლეს 66 ათასი კაცი, რ-ებიც ადგილ. გლეხებისათვის ჩამორთმეულ მიწებზე დაასახლეს. მისივე ინიციატივით 1913 კავკასიაში გატარდა კანონი დროებით ვალდებული გლეხების მიერ მიწის სავალდებულო გამოსყიდვის შესახებ. ამავე დროს, მეფისნაცვლის თანამდებობაზე ყოფნისას ვ.-დ-მა ზოგი რამ სასიკეთოც გააკეთა: 1907–09 თბილისში აშენდა გვირაბი, რ-მაც ბოტან. ბაღი ქალაქთან დააკავშირა, 1909 გაიხსნა კ. ი. ზუბალაშვილის სახ. სახალხო სახლი (ახლანდ. კ. მარჯანიშვილის თეატრი); 1911 – ბავშვთა საავადმყოფო და თბილ. ელექტროსადგური. ყოველივე ამის გამო თბილ. სათათბირომ 1913 წ. 25 ნოემბ. ვ.-დ. ქალაქის საპატიო მოქალაქედ აირჩია.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 6, თბ., 1972; Письма И. И. Воронцова- Дашкова Николаю Романову, «Красный архив», 1922, т. 1.
შ. ცირეკიძე