გრიგოლ დიაკონი

გრიგოლ დიაკონი, სავარაუდოდ IV ს. ქართველი საეკლესიო მწერალი.

„მოქცევაჲ ქართლისაჲს" მატიანის I ნაწილის - „ქრონიკის" ავტორის ცნობით, გ. დ-ს დაუწერია „მოკლედ აღწერილი" „წიგნი ქართლის მოქცევისაჲ", რ-შიც მცხეთაში ჯვრის აღმართვის ამბავი იყო გადმოცემული.

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებით (ს. ყუბანეიშვილი – 1927, შემდეგ გაიზიარა კ. კეკელიძემ, რ. სირაძემ, ვ. გოილაძემ), გ. დ-ის დასახელებული თხზულება შემონახული უნდა იყოს „მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მეორე ნაწილის - „ნინოს ცხოვრების" შატბერდული რედაქციის მე-14 თავსა („აღმართებაჲ პატიოსნისა ჯუარისა მცხეთისაჲ და მერმე კუალად გამოჩინებაჲ") და კლარჯულ მრავალთავში (ჭელიშური რედაქცია მეცამეტე თავით სრულდება).

ამ ბოლო ხანებში გამოთქმულია მოსაზრება, რომ რადგან „ქრონიკის" ძირითადი ნაწილი ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის – მირიანის თანადროულად, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში შექმნილ ნაწარმოებად მიაჩნიათ, სავარაუდოდ, „ქრონიკაში" დამოწმებული გ. დ-ის თხზულება „ქრონიკაზე" ადრე უნდა დაწერილიყო.

წყარო: კლარჯული მრავალთავი. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თ. მგალობლიშვილმა, თბ., 1991.

ლიტ.: გ ო ი ლ ა ძ ე  ვ., პირველი ქართული საეკლესიო თხზულება, «მნათობი», 2003, №5–6; ქართლის მოქცევა ახალ ქართულზე გადმოღებული ტექსტი და ძველი ვერსიების რედაქცია ე. გიუნაშვილისა. მოკვლევა, მიმოხილვა და კომენტარები ვ. გოილაძისა, თბ., 2009; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; სირაძე რ., „ნინოს ცხოვრება" და დასაწყისი ქართული მწერლობისა, «განთიადი», 1989, №3; მისივე, უძველესი ქართული ნაწარმოები, წგ.: ქრისტიანული კულტურა და ქართული მწერლობა, I, თბ.,1992; ყუბანეიშვილი ს., გრიგოლ დიაკონი და მისი თხზულება, «ლიტერატურული ძიებანი», II, თბ., 1945.

ვ. გოილაძე