ზა, ისტ. სოფელი ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) გეოგრაფიაში და რუკაზე აღნიშნულია როგორც „ზა”, ისტ. წყაროებში გვხვდება აგრეთვე „ზასი”. ვახუშტისეულ სოფლების სიაში ზის ხეობაში 6 სოფელია ჩამოთვლილი. ისტ. საბუთებში იხსენიება XVI ს-იდან როგორც საბარათიანოში, შემდგომ კი – საგერმანოზიშვილოში შემავალი სოფელი. XVII ს. დოკუმენტებში ზ-ს მოსახლეთა შორის დასახელებულია გვარები: კახაბრიშვილი, პაპუჩაშვილი, ფარდონასშვილი, მამაცაშვილი, ახალკაციშვილი. 1721 ზ-ში ითვლებოდა 9 მებატონე (ნამანგლელევიშვილები, ქავთარაშვილები, გერმანოზიშვილები, კანჭაშვილები და სხვ.), 18 გამომღები და 4 ბოგანო ყმა. ზ-ში შემორჩენილია X–XI სს. 3 ეკლესია – ღვთისმშობლის, წმ. გიორგის და პეტრე-პავლესი. წმ. გიორგის დარბაზული ეკლესიის აღმ., სამხრ. და დას. კედლები გამოირჩევა რელიეფური გამოსახულებებით: დანიელი – ლომების ხაროში, საერო და სას. პირთა, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებანი, ასევე ჯვრები. ეკლესიის მიმდებარე სასაფლაოზე ქვაჯვრებიანი და საყოფაცხოვრებო გამოსახულებებიანი საფლავის ქვებია. XX ს. დასაწყისში აქ ე. თაყაიშვილმა იპოვა ქვა ასომთავრული წარწერით, სადაც იხსენიებოდა მეფეთ მეფე ბაგრატ IV (1027–72). XIX ს. 70-იან წლებში ამ ტერიტორიაზე მთიულეთიდან გადმოვიდნენ მოახალშენენი და დასახლებას ახალსოფელი უწოდეს. წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941.
ლიტ.: ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII ს. I მეოთხედში, ნაწ. 1–2, თბ., 1935; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, წგ. 1, ზ. ალექსიძის და შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1964; Какабадзе С. С., Грузинские документы Института народов Азии, М., 1967; Такайшвили Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в.4, Тфл., 1913.
დ. ბერძენიშვილი