ზამთრის სოკო (Flammulina velutipes), ქუდიანი სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა. მისი ქუდის დიამეტრი 10 სმ აღწევს, ბრტყელია, შიშველი, ლორწოიანი ზედაპირი აქვს, ფერად ყვითელია, შუაში – მოყავისფრო. ქუდის ქვედა მხარეს განვითარებულია მეჩხრად განლაგებული, განიერი, მოყვითალო ფირფიტები. ფეხი ცილინდრულია, ძირში გაწვრილებული, ბოჭკოვან–ხავერდოვანი ზედაპირი აქვს; ზედა ნაწილი მოყვითალოა, ძირისკენ – ყავისფერი, შემდეგ – შავი. იზრდება ჯგუფებად დამპალ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით კი – ვერხვსა და ტირიფზე გვიანი შემოდგომიდან თითქმის გაზაფხულამდე. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული, განსაკუთრებით – ჭალის ტყეებში. იხმარება საკვებად. ზოგიერთ ქვეყანაში ხელოვნურად ამრავლებენ.
ი. ნახუცრიშვილი