„ზაპისკი კავკაზსკოგო ოტდელა იმპერატორსკოგო რუსსკოგო გეოგრაფიჩესკოგო ობშჩესტვა”, რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების პერიოდული სამეცნიერო ბეჭდვითი ორგანო. გამოცემულია 30 წიგნი (I–XXX, 1852–1917). თავდაპირველად იბეჭდებოდა როგორც განყ-ბის წევრთა, ისე ევრ. მეცნიერთა შრომები, 1872-მდე ქვეყნდებოდა აგრეთვე განყ-ბის ადმ.-ორგანიზაციული საქმიანობის ამსახველი მასალაც. ძირითადად გამოდიოდა თბილისში. IX წიგნი დაიბეჭდა პეტერბურგში (1875), XXI და XXII – პიატიგორსკში (1899, 1902). სამეცნ. ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებული სტატიები მოიცავს მეცნიერების მრავალ დარგს. იგი ეხება კავკ., კერძოდ, საქართვ. ისტორიას (არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას), გეოგრაფიას (ოროგრაფიას, ჰიდროგრაფიას), დემოგრაფიას, გეოდეზიას, კარტოგრაფიას, სტატისტიკას, მრეწველობასა და ვაჭრობას. გამოქვეყნებულია ბიოგრ. სტატიები, ნეკროლოგები, მოგონებები. გამოცემაში აქტიურად მოღვაწეობდნენ როგორც ქართველი, ისე საქართველოში მოღვაწე უცხოელი მეცნიერები: ვ. აბიხი, ნ. ანდრუსოვი, დ. ზ. ბაქრაძე, ლ. ბაცევიჩი, კ. ბოროზდინი, ნ. დინიკი, რ. ერისთავი, პ. იოსელიანი, ა. ლაისტერი, ი. პანტიუხოვი, ფ. პაროტი, გ. რადე, ი. სტებნიცკი, ა. ფილადელფინი, დ. ფრეშვილდი, გ. ყაზბეგი, ა. ციმერმანი, ნ. ხანიკოვი, ი. ხოძკო, ნ. ხუდადოვი და სხვ.
დ. კაპანაძე
ე. ლოლუა