ზარზმის ფერისცვალების ხატი

ზარზმის ფერისცვალების ხატი, ქართული ჭედური ხელოვნების ადრინდელი გარდამავალი პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუში (131 სმX74 სმ). ამჟამად დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში. თავდაპირველად ზარზმის მონასტრის საგანძურს წარმოადგენდა, მონასტრის დახურვის შემდგომ ზარზმის მთელ განძეულობასთან ერთად ინახებოდა გურიის შემოქმედის მონასტერში. მოგვიანებით აქ საგანგებოდ აშენდა ახ. ეკლესია, რ-საც აგრეთვე ზარზმა ეწოდა. ხატი დაზიანებულია (განსაკუთრებით ქვედა ნაწილი), ეტყობა ადრინდ. რესტავრაციის კვალი. კომპოზიციის ცენტრში, ოვალურ „დიდებაში” გამოსახულია ქრისტეს მთლიანი ფიგურა, მაკურთხებელი მარჯვენითა და გრაგნილით ხელში, ტრად. თანახმად, მის ორივე მხარეს ვედრების პოზაში დგანან წინასწარმეტყველები (მარცხნივ – ილია, მარჯვნივ – მოსე), ქვემოთ მიწაზე გართხმული ორი მოციქულის ფიგურაა. მესამე მოციქული ქრისტესგან მარცხნივ, წინასწარმეტყველ ილიას მუხლებთანაა წარმოდგენილი. სახეები შესრულებული ყოფილა ფერწერით. ხატს ახლავს ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა (ნაწილობრივ დაზიანებულია), რ-იც შინაარსით სხვადასხვა დროს მიეკუთვნება. პირველ, ორსტრიქონიან წარწერას ახლავს ქორონიკონი, რ-ის მიხედვითაც ხატის მოჭედილობა 886 წლით თარიღდება. მეორე ორი სტრიქონი იხსენიებს მის შემკეთებელს, ზვიად ერისთავს (XI ს.). ამ დროს ხატს დაემატა ორნამენტული ჩარჩო (ამჟამად მოხსნილია). ხატის მოჭედილობაში ჩანს ეპოქისათვის დამახასიათებელი სტილური თავისებურებანი: სიუჟეტური კომპოზიციის გადმოცემა პირობითი გრაფ. საშუალებებით, შინაარსობრივი მხარის გამოყოფა და მთელი კომპოზიციის დეკორ.-მონუმენტური აგება.

ლიტ.: ჩუბინაშვილი გ., ქართული ოქრომჭედლობა. VIII–XVIII სს., თბ., 1957; მისივე, Грузинское чеканное искусство, Тб., 1959; მისივე, Из истории средневекового искусства Грузии, Избр. труды, М., 1990.

რ. ყენია