გრიგოლ ნოსელი

გრიგოლ ნოსელი, გრიგოლ ნისელი (Grēgorios Nyssēs) (დაახლ. 335, კესარეა კაპადოკიისა, – დაახლ. 394, ნისა), ბერძენი საეკლესიო მწერალი, ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი. ბერძნ. პატრისტიკისა და კაპადოკიელ თეოლოგთა დიდი სამეულის (გ. ნ., მისი ძმა – ბასილი დიდი და გრიგოლ ნაზიანზელი ) გამოჩენილი წარმომადგენელი.

გ. ნ-ის მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ორიგენესა (ქრისტიანი თეოლოგი) და ნეოპლატონიზმის გავლენით, თუმცა ამავე დროს აკრიტიკებდა ერთსაც და მეორესაც. ცდილობდა თეოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მორიგებას. გ. ნ-მა დიდი გავლენა იქონია ქართ. კულტურაზე, როგორც უშუალოდ, ისე არეოპაგიტიკის მეშვეობით. მისი შრომები თარგმნეს დავით ტბელმა, ექვთიმე მთაწმიდელმა, გიორგი მთაწმიდელმა, ეფრემ მცირემ. ქართულად ნათარგმნ შრომებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროისა და შესაქმის მიმართების საკითხი („პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს"), ასევე, ყველა ადამიანის არსებითი ერთიანობისა და ცხოვრების საზრისის საკითხები („კაცისა შესაქმისათჳს"). გ. ნ. იბრძოდა მონობის ინსტიტუტის წინააღმდეგ.

თხზ.: Opera, v. 1–8, Leiden, 1958–64; „კაცისა შესაქმისათჳს", თარგმანი გიორგი მთაწმიდელისა, რ. მიმინოშვილის გამოც., კრ.: ლიტერატურული ურთიერთობანი, [ტ.] 3, თბ., 1972; [წიგნში] უძველესი რედაქციები ბასილი კესარიელის "ექუჳსთა დღეთასა" და გრიგოლ ნოსელის თარგმანებისა „კაცისა აგებულებისათს", ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1964.

ლიტ.: თ ე ვ ზ ა ძ ე  გ., შუა საუკუნეების ფილოსოფია, თბ., 1966; კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1980; ჭელიძე ე., წმიდა გრიგოლ ნოსელი და მისი თხზულება „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს" [გიორგი მთაწმიდელის თარგმანი], კრ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბ., 1989.

გ. თევზაძე