ზარი, ქართული ხალხური სამგლოვიარო რიტუალის ნაწილი, მოთქმის ერთ-ერთი სახეობა, გუნდური სამგლოვიარო საგალობელი. ზ-ით გლოვა დასტურდება ძვ. ქართ. მხატვრულ და საისტორიო ძეგლებში. განსხვავებული სახით შემორჩენილია საქართვ. სხვადასხვა კუთხეში. აღმ. საქართველოში ზ. ორხმიანია, დას. საქართველოში კი – სამხმიანი, განსაკუთრებით აღსანიშნავია სვანური, მეგრული და გურული ზ. სვანურ ზ-ს განსაკუთრებულ შემთხვევაში ასრულებენ სპეც. მომღერლები (პროფ. შემსრულებლები – მოზარენი) ღრმად მოხუცებული ან პატივსაცემი სვანის გარდაცვალების გამო. ზ. სრულდება რამდენჯერმე – მიცვალებულის გამოსვენებამდე, გამოსვენების დროს, სასაფლაოზე შესვლისას და დასაფლავებისას. იგი სამხმიანია, სრულდება ორპირულად (ორი გუნდის მონაცვლეობით), პოეტური ტექსტის გარეშე. აღსანიშნავია, რომ სვანეთში თითქმის ყველა სოფელს თავისი ზ. გააჩნია. ასე მაგალითად, ცნობილია მულახის, ლატალის, მესტიის, ლენჯერის, ლენტეხის, აგრეთვე ბალსზემოური და სხვა სახის ზ. სამეგრელოშიც ზ. უსიტყვოდ სრულდება, ორი გუნდის მონაცვლეობით, გაგრძელებული „ვაი-ვაის” დართვით. ზ-ის დაწყებისთანავე მოტირალნი იწყებენ ორივე ხელით შუბლში ცემას და ისე მიემართებიან მიცვალებულის სახლისაკენ. შორეული სოფლებიდან მოსულ ნათესავებს მოზარეთა საკუთარი გუნდი მოჰყავდათ, თან მოჰქონდათ დიდი კელაპტარი ან სიცოცხლის ხის სიმბოლო. განსაკუთრებით რთული, პოლიფონიზებული მუს. ენით გამოირჩევა გურული ზ. რაჭაში ზ-ს ქალები ასრულებენ და ზრუნს უწოდებენ.
ლიტ.: ახობაძე ვ., ქართული (სვანური) ხალხური სიმღერების კრებული, თბ., 1957; მაჩაბელი დ., ქართველთა ზნეობა, I. გალობა «ცისკარი», 1864, №5; სახოკია თ., ეთნოგრაფიული ჩანაწერები, თბ., 1956.