ზარუდნაია ბარბარე (ვერა) მიხეილის ასული [5 (17). XII. 1857, ეკატერინოსლავი, ახლანდ. დნეპროპეტროვსკი, – 14. III. 1939, მოსკოვი], რუსი მომღერალი (სოპრანო) და პედაგოგი, მ. იპოლიტოვ-ივანოვის მეუღლე. მისი დედა ქართველი იყო, გვარად გარსევანოვა (გარსევანიშვილი). 1882 დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორიის ვოკალური განყ-ბა (ნილსენ-სალომანისა და კ. ევერარდის კლასები), შემდეგ ერთი სეზონის განმავლობაში კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრში მღეროდა წამყვან პარტიებს, ხოლო მ. იპოლიტოვ-ივანოვის თბილისში გადმოსვლის შემდეგ აქ განაგრძო არტისტული და პედ. მოღვაწეობა. 1883–93 ზ. თბილ. საოპერო თეატრის სოლისტი იყო. ასრულებდა წამყვან პარტიებს რუს. და დას. ევროპის ოპერებში: ტატიანა, მარია, ნასტია (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი”, „მაზეპა”, „ჯადოქარი ქალი”), ნატაშა (ა. დარგომიჟსკის „ალი”); დიდი წარმატებით გამოდიოდა ჯ. ვერდის „აიდაში”, შ. გუნოს „ფაუსტში”, ჯ. მეიერბერის „აფრიკელ ქალში”. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. იყო თბილ. სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი, მის მოსწავლეთაგან აღსანიშნავია ქართვ. მომღერალი ქალი ლ. რჩეულიშვილი.
მ. ფიჩხაძე