ზარფუში

ზარფუში, არყის გამოსახდელი ქვაბის ხუფი (სახურავი, ლაფრანი). იგი გამოკვერილია სპილენძის რამდენიმე ფირფიტისაგან, მოუკალავია. ზ-ს აქვს წინ გაშვერილი მილი, რ-იც თავში განიერია, ბოლოში კი – ვიწრო, რათა იოლად შევიდეს წყლიანი ტაშტის მილში. ზ-ს წაკვეთილი გუმბათის ფორმა აქვს. სპილენძის მრგვალღერა სახელური (ყური) მირჩილულია ზ-ის ტანზე და დამაგრებულია სპილენძის მანჭვლებით. არყის გამოხდისას ზ. მჭიდროდ ეხურება ჭაჭაჩაყრილ ქვაბს. ადუღების შემდეგ მასში დაგროვილი ორთქლი ზ-ის ყელიდან გადადის წყლიანი ტაშტის მილში და გადაიქცევა სითხედ. ცნობილია ასევე თიხის ზ-ები, თუმცა უპირატესობას სპილენძის ზ-ს ანიჭებდნენ.

ლიტ.: კაკაბაძე ც., შროშული კერამიკა, თბ., 1982; მისივე, სპილენძის ქართული ჭურჭელი, {ეთნოლოგიური ძიებანი}, I, თბ., 2000.

ც. კაკაბაძე