ზაქათკარი

ზაქათკარი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), მდ. მთიულეთის არაგვის ხეობაში, კაიშაურის პლატოზე. ზ. დ. 1650 მ, დუშეთიდან 70 კმ. 81 მცხ. (2002). სოფლის სახელწოდება იქ მცხოვრებ ზაქაიძეთა გვარიდან მომდინარეობს. ზაქაიძე ყოფილა ხადის ერთ-ერთი ციხისთავი. ხადის ციხისთავები იხსენიებიან „ძეგლის დადებაში მეფეთ მეფისა გიორგის მიერ” (XIV ს.). შემორჩენილია ფეოდ. ხანის ციხესიმაგრის კომპლექსი, რ-საც „ციხისთავიანთს” უწოდებენ. სოფლის განაპირას, გალავნით შემოზღუდულ სასაფლაოს ტერიტორიაზე, დგას შუა საუკუნეების პატარა სამლოცველო, სამრეკლო და უზარმაზარი ლოდებით ნაშენი ზურგიანი კოშკის ნანგრევები, რ-იც უფრო ადრეული ხანისა ჩანს. სოფლის მახლობლად, მთის თხემზე დგას განვითარებული შუა საუკუნეების ჯაღმიანთ ეკლესია. ~

ლიტ.: ხადის ხეობა, თბ., 1983.

ჯ. გვასალია

გ. ბაგრატიონი