კაბენი ყანჩაეთისა

ცვლილეკაბენი ყანჩაეთისა. XIII ს.

კაბენი ყანჩაეთისა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო ტაძარი ქსნის ხეობაში, სოფ. ყანჩაეთის (ახალგორის მუნიციპალიტეტი) მახლობლად.

ისტ. წყაროებით დასტურდება, რომ თავდაპირველად აქ IX ს-ში მდგარა "თავისუფალი ჯვრის" ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა, რ-საც X ს-ში მიაშენეს გარშემოსავლელი, ხოლო მოგვიანებით, XIII ს. პირველ ათეულ წლებში, საფუძვლიანად გადააკეთეს.

გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. მათგან უძველესია რვაწახნაგა ყელზე აღმართული გუმბათი, ნალისებრი ფორმის აფსიდი, 4 გუმბათქვეშა თაღი და საყრდენების ნაწილი. საშენ მასალად გამოყენებულია თეთრი, ნასვრეტებიანი ტუფი (კონსტრ. ელემენტებში) და რიყის ქვა.

კვადრატიდან წრეზე გადასვლა ხდება ტრომპებით. გადაკეთების შედეგად ახ. ფასადები შემოსეს სუფთად გათლილი ქვით და მდიდრულად მოაჩუქურთმეს. აღმ. ფასადის კომპოზიცია ისეთივეა, როგორც იკორთის ტაძრისა. მდიდრულად მოჩუქურთმებული სარკმლის თავზე აღმართულია დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი, ხოლო სარკმლის ქვეშ მოთავსებულია კუთხით დაყენებული ასევე მოჩუქურთმებული რომბები. მსგავსი კომპოზიცია ფართოდ იყო გავრცელებული XI–XIII სს. ქართ. ხუროთმოძღვრებაში.

შენობის ძირითადი კორპუსი და გუმბათი შემკულია მოჩუქურთმებული ლავგარდნით. ინტერიერში, საკურთხევლის წინ დადგეს მაღალოსტატური ხელოვნებით შესრულებული ახ. მოჩუქურთმებული კანკელი, რ-ის ცალკეული ნაწილები ჩართულია მოგვიანო ხანის კანკელის წყობაში. ეკლესია, როგორც ჩანს, მაშინვე (XIII ს.) მოხატეს, მაგრამ გუმბათსა და გუმბათის ყელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, რ-ებიც საღებავებით შესრულებულ სამხრ. ფასადის წარწერაში მოხსენიებულ პირთა მიხედვით, IX ს. დასაწყისს მიეკუთვნება. წარწერაში მოხსენიებული არიან ერისთავთერისთავი ადარნასე და მისი ასული ლატავრა. ბიეთის ტაძრის წარწერაში ნათქვამია, რომ IX ს-ში ყანჩაეთი ერისთავთერისთავთა რეზიდენცია იყო და მათი ხელისუფლება ვრცელდებოდა მდ. მეჯუდის მთელ ხეობაზე. ტაძრის სამხრ-ით დიდი ნაგებობის ნაშთია, რ-იც, სავარაუდოდ, მონასტრის სატრაპეზო ან ადგილობრივი ფეოდალის საცხოვრებელი უნდა იყოს.

ლიტ.: ყანჩაეთი. კაბენის ღმრთისმშობლის მონასტერი, ქსნის ხეობა, თბ., 2013; М е п и с а ш в и л и  Р. C., Ц и н ц а д з е  В. H., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шида-Картли, Тб., 1975; Ч у б и н а ш в и л и  Г. Н., Архитектурные памятники VIII и IX веков в Ксанском ущелье, «ქართული ხელოვნება», 1942, ტ.1.

თ. გერსამია.