ილია II

ილია II

ილია II (ერისკაცობაში – ირაკლი გიორგის ძე ღ უ დ უ შ ა უ რ ი - შ ი ო ლ ა ­შ ვ ი ლ ი ) [დ. 4. I. 1933, ქ. ორჯონიკიძე (ახლანდ. ვლადიკავკაზი)], სრულიად სა­ქართვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქი (1977-იდან), მცხეთა-თბილისის მთა­ვარეპის­კო­პო­სი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. მშობლები (მამა – გიორგი შიოლა­შვილი, დედა – ნატალია კობაიძე) ქრისტ. სარწმუნოების თავგამოდებული მიმდევრები იყვნენ. ი. II მათგან ეზიარა ქრისტ. მოძღვრების ანბანს. მონათლეს ქართულ ეკლესიაში (დაარ­სე­ბული იყო გ. შიოლა­შვილის მიერ 1947) და ქართლ-კა­ხე­თის მეფის, ერე­კლე II-ის, პატივისცემით ირაკლი დაარქვეს. საშ. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1952), მოსკოვის სას. აკადემიაში ჩაირიცხა. 1957 წ. 16 აპრილს 24 წლის ირაკლი შიოლა­შვილი საქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის, ლოცვა-კურთხევით თბილისში, წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძარში, ბერად აღკვეცა მიტროპოლიტმა ზინობმა(მაჟუგამ). ამიერიდან მას წინასწარმეტყველ ილიას სახე­ლი ეწოდა. შემდეგ კი პატრიარქმა მელქისედეკ III-მ სიონის სა­კა­თედ­რო ტაძარში დიაკვნად აკურთხა.

დიაკვნად ხელდასხმული ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი I-მა წმ. სერგი რადონეჟელის ლავრაში მღვდელმონაზვნად აკურთხა და ოქროს სამკერდე ჯვრით დააჯილდოვა.

1960 მღვდელ-მონაზონმა ილი­ამ  წარჩინებით დაასრულა მოსკოვის სას. აკადემია და ღვთის­მეტყველების კანდიდატის ხარი­სხი მი­ე­ნი­ჭა ნაშრო­მისათვის "ათონის ივერიის მო­ნასტრის ისტორია", რის შემდეგაც სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბრუნდა და ბათუმის სა­კა­თედ­რო ტაძარში დაიწყო მღვდელმსახუ­რება. 1961 მიანიჭეს იღუმენის, ხოლო შემდეგ – არქიმანდრიტის პატივი. 1963 წ. 26 აგვისტოს სრულიად სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ ილია შემოქმედის ეპისკოპო­სად აკურთხა. ამასთან, იგი დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად, 1967 – ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავრად. 1969 ებოძა მი­ტროპოლიტის პატივი. 1963 დაინიშნა მცხე­თის სას. აკადემიის რექტორად (1972-მდე).

მეუფე ილია ნაყოფიერად იღვწოდა როგორც შემოქმედის, ისე ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიებში, თავგამოდებით იყო ჩართული მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლე­სიების წარმომადგენელთა შეკრებებში. აქტიურად იბრძოდა საქართვ. მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშ. მასშტაბით აღიარებისათვის. 1977 წ. 9 ნოემბერს, კათოლიკოს-პატრიარქ დავით VI-ის გარდაცვალების შემდეგ, წმ. სინოდის გადაწყვეტილებით ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია შიოლა­შვილი დადგინდა სრულიად სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ. 1977 წ. 23 დეკემბერს მიტროპოლიტი ილია სრულიად სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. 1977 წ. 25 დეკემბერს მცხეთის სვე­ტიცხოვლის სა­კა­თედ­რო ტაძარში მოხდა ილია შიოლა­­შვილის კათოლიკოს-პატრიარქის ტახტ­ზე აღსაყდრება. 2010-იდან ი. II-ის წოდებაა: "სრულიად სა­ქართვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპის­კოპო­სი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი".

აღსაყდრების შემდეგ ი. II ზრუნავდა მრევლის შემოკრებაზე და ახერხებდა კიდეც მოსახლეობის ფართო ფენების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის მოზიდვას. გახშირდა და სისტემ. გახდა ქადაგებები; მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყველა ეკლესიაში განუწყვეტლივ იკითხებოდა ფსალმუნები; მნიშვნე­ლო­ვა­ნი ღონისძიებები გატარდა სას. ლიტ-რის გამოსაცემად; დაიწყო კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეების ბეჭდვა-გავრცელება; გამო­ვი­და რამდე­ნი­მე სახის საეკლ. კალენდარი. ი. II-ის მცდელობით დაარსდა და გა­მო­ვი­და ჟურნალები: "ჯვარი ვაზისა", "სა­ღვთის­მეტყვე­ლო კრებული", "სა­ქარ­თველოს საპატრიარქო", "საპატრიარქოს უწყებანი" და სხვ. გამოიცა ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, დიდი სჯულისკანონი, ბიბლია და სხვ. აღსანიშნავია ი. II-ის ეპისტოლეთა ტომეულების, სიტყვებისა და ქადაგებათა გამოცემა. მისი თაოსნობით შეიქმნა მისიისა და ევანგელიზაციის განყ-ბა, სასწ. კომიტეტი, საგამომცემლო განყ-ბა; მუშაობს პრესცენტრი, გამოდის გაზეთი "მადლი"; შექმნილია ახალ­გაზრ­დუ­ლი ცენტრი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს პატრიარქის მიერ დაარსებულ საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნებას".

განსაკუთრებულია ი. II-ის წვლი­ლი საერთაშ. ურთიერთობების გაუმჯობესებაში. მან გასული საუკუნის 60-იან წლებში დაწყებული ბრძო­ლა სა­ქარ­თველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის გააგრძელა და ბოლომდე მიიყვანა – 1990 წ. 23 იანვარს კონსტანტინოპოლის (მსოფლიოს) საპატრიარქოს წმ. სინოდის სხდომაზე განიხილეს სა­ქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მსოფლიო მასშტაბით აღიარების საკითხი. 1990 წ. 4 მარტს ი. II-მ მიიღო ­კონსტანტინოპოლის პატრიარქის, დიმიტრიოს I-ის, საგანგებო სიგელი, რ-თაც დადასტურებულია სა­ქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიურობა. ამასთან, ხაზგასმულია მი­სი სიძველე და თვითმმართვე­ლობა უძველესი პერიოდიდან. ი. II-ის სახელთანაა დაკავშირებული სა­ქარ­თვე­ლო­ში ტაძრების მასობრივი აღდგენა-მშენებლობა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს წმ. სამების საკათედ­რო ტაძრის აშენება. მისივე მცდელობით გაი­ზარ­და სას. პირთა და ეპარქიათა რაოდენობა, აღდ­გა სამონასტრო ცხოვრება.

ი. II უდიდეს ყურადღებას აქცევს ქვეყანაში სწავლა-გა­ნათლე­ბის საქმეს. მისი ძალისხმევით დაფუძნდა თბილისის სას. აკადემია (1988), გელათის მეცნი­ე­რე­ბა­თა აკადემია (1995), წმ. თამარის სახ. უნ-ტი (2004), წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნ-ტი (2008) და სხვა სასწ. დაწესებულებები. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ი. II-მ შემოიღო საყოველთაო ნათლობა, რ-იც პირველად 2008 წ. 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქი ნათლავს ჯვარდაწერილი მშობლების ყოველ მესამე და შემდგომ შვილს. 2018 ჩატარდა რიგით 52-ე ნათლობა.

პატრიარქის შეწევნით საპატრიარქოს კარის ეკლესიასთან გაიხსნა მოწყალების სახლი. ანალოგიური დაწესებულებები არსებობს ქვეყნის სხვა კუთხეებშიც. იგი განუხრელად ზრუნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებზე, მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნია მისი შეხვედრები ქართ. ემიგრაციასთან ევროპის ქვეყნებში, ირანში, თურქეთში, საინგილოში და სხვ.

ი. II-ის თაოსნობითა და ლოცვა-კურთხევით ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მოხდა ღირსეულ ქართველ მამულიშვილთა კანონიზება. სა­ქართვ. ეკლესიამ წმინდა­ნად შერაცხა ილია ჭავჭავაძე, წმ. ნინოს მშობლები – სუსანა და ზაბულონი, ამბროსი ხელაია, მიტროპოლიტი ნაზარი კრებულთან ერთად, იმერეთის ეპის­კო­პო­სი გაბრიელ ქიქოძე, ცოტნე დადიანი, ტბელ აბუსერისძე, თევდორე აჭარელი, მღვდელი თევდორე, კლარჯელი მამანი და დედანი, კირიონ III, ექვთიმე თაყაი­შვილი, დიმიტრი ყიფიანი და სხვ.

ი. II-ის სახელთანაა დაკავ­შირებული ღვთისმსახურების დროს ქართული საგალობლების აღდგენა-განახლება. თავად პატრიარქი ავტორია რამდე­ნი­მე შე­სა­ნი­შნა­ვი საგალობლისა ("წმინდაო ღმერთო", "დავიღალე", ­"კირიელე­ისონ" და სხვ.), მუსიკა­ლური ნა­წარმოებებისა (ძირითადად ქართულად, მიძღვნები ღვთისმშობლისადმი), რ-ებმაც მსოფლიო მასშტაბით საყო­ველ­თაო მოწონება და აღიარება დაიმსახურა. ი. II გამოირჩევა მხატვრობის ნიჭითაც (თამარის ფრესკა დიდუბის ეკლესიაში, წმ. სამების ხატი წმ. სამების ტაძარში, ღვთისმშობელი მანგლისის საპატრიარქო რეზიდენციაში, ვახტანგ გორგასალი – რუსთავის ეკლესიაში და სხვ.). პატრიარქის ძალისხმევით თბილ. სას. აკადემიაში ჩამოყალიბდა ხატწერის სკოლა.

სა­ქარ­თვე­ლოს პატრიარქის თაოსნობით მოხდა სა­ხელ­მწი­ფოსა და ეკლესიის კონსტიტუციური შეთანხმება (კონკორდატი).

2002 წ. 7 ოქტომბერს ივ. ჯავა­ხი­შვილის სახ. თსუ-ის დიდმა სამეცნ. საბჭომ ი. II საპატიო დოქტორად აირჩია, ხოლო 2005 წლის 11 მარტს სა­ქართვ. მეცნი­ე­რე­ბა­თა ეროვნ. აკადემიამ – საპატიო აკადემიკოსად.

1997 წელს აღსაყდრების 20 წლისთავთან დაკავშირებით დაჯილდოვდა დავით აღმაშენებლის ორდენით; მიღებული აქვს მსოფლიოს ­(კონსტანტინოპო­ლის) საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, ­რუსეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, სა­ქარ­თვე­ლოს საპატრიარქოების; პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოები. არის ნიუ-იორკის სას. აკადემიის ღვთისმეტყველების დოქტორი, კრეტის სას. აკადემიის საპატიო წევრი, გაეროსთან არ­სებუ­ლი ინფორმატიზაციის საერთაშ. აკადემიის წევრი, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის სა­ღვთის­მე­ტყვე­ლო სემინარიის ღვთისმეტყველების დოქტორი.

პარტიარქის მცდელობამ, რომელიც მიმართული იყო ქართული ხელოვნების (ძირითადად, საეკლესიო) უცხოეთისათვის გაცნობისაკენ, განხორციელება ჰპოვა 2022 წელს, როცა ვატიკანში, პაპის ხელდასხმით, გაიმართა ქართული ხალხური მუსიკისა (საგალობლების) და ილია მეორის მიერ შექმნილი „ავე მარიას“ წარდგენა.

თხზ.: ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი (ორტომეული), თბ., 1997.

ლიტ.: დიდნი საქმენი, თბ., 2011; ილია II – სრულიად სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქი, ოთხტომეული, მთ. რედ. მ. ალუდაური, ტ. 1–3, თბ., 2016–17; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  რ., პატრიარქი – ერის სულიერი მამა, თბ., 2008; მრავალსა წელსა. ფოტოალბომი, თბ., 2015; ნათელი ქრისტენი – საქარ­თვე­ლო, თბ., 2003; სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000; სრულიად საქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქს. კრე­ბული, მი­ძღვნილი უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ისადმი, თბ., 2007; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე  ა., სა­ქარ­თვე­ლოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, თბ., 1996.

რ. მეტრეველი