თაბორი

1. თაბორის ც ი ხ ე, შუა საუკუნის ციხესიმაგრე თბილისის სამხრ.-აღმ. მისადგომებთან, თაბორის ქედის უკიდურეს ჩრდ.-დას. ნაწილში, ბოტან. ბაღის თავზე. შემორჩენილია საძირკვლის ნანგრევები. სახელწ. "თაბორი" ქედსა და ციხეს ეწოდა "ახალ აღთქმაში" მოხსენიებული იერუსალიმის თაბორის მთის მიხედვით. თ. კონტროლს უწევდა განჯის გზას და იცავდა ქალაქის კარიბჭის – განჯის კარის მისადგომებს. თ. წყა­როებში პირველად იხსენიება 1045, როცა მეფე ბაგრატ IV-მ ქალაქი და ციხესიმაგრეები დაიკავა, მათ შორის "... ორნივე კოშკინი წყალყინისანი და თაბორი" ("მატიანე ქართლისა"). აღნიშნული ამბის შემდეგ თ. დიდხანს აღარ იხსენიება და გვხვდე­ბა 1723, როდესაც იგი მცირე ხნით კახეთის მეფემ კონსტანტინე II-მ (მაჰმად-ყული-ხანი) დაიკავა, მაგრამ მალევე დაკარგა: „შეეპარნენ თაბორსა ჯარი ქართველთა და აიღეს თაბორი" (სეხნია ჩხე­იძე). 1735 და 1743 ციხესიმაგრე სპარსელებმა დაანგრიეს. 1748 მეფე ერეკლე II-მ თ. იერიშით აიღო, სპარსელთა გარნიზონი განდევნა და "დააყენა მუშა ფრიადი, შემოავლო სწრაფად გალავანი თაბორის ცი­ხეს და დააყენა ჯარი კახთა"... (პაპუნა ორბელიანი). კრწანისის ბრძოლის დროს "მედგრად ამუშავებდა დავით ბატონი­შვი­ლი ზარბაზნებს თაბორის აყოლება კლდოვანი სერით და მუსრს ავლებდა სპარსთა რაზმებს". შემ­დგომ აღა-მაჰმადხანმა ქალაქთან ერთად თ-ის ციხეც სა­ბო­ლო­ოდ დაანგრია (იხ. აგრეთვე სტ. კრწანისის ბრძოლა 1795). თ-ის ტერიტორიაზე იდგა აგრეთვე ეკლესია, რ-იც პირველად მოხსენიებულია 1392, თუმცა იგი გაცილებით ძველი უნდა ყოფი­ლიყო. XIX ს. ისტორიკოსი პ. იოსელიანი წყა­როს მიუთითებლად მას ფერისცვალების ეკლესიად მოიხსე­ნიებს, რაც ადასტურებს სახელწ. "თაბორის" კავშირს ქრისტ. რელიგ. მოვლენასთან. ვახუშტი ბატონი­შვი­ლის 1735 ქალაქის გეგმაზე თ-ის ქედზე აღნიშნულია ეკლესია. 1776 წყალობის სიგელში ვხვდებით თ-ის უცხოენოვან თურქ. სახელს "ყორჩი-ყალა" (მცველი ციხე). 1800 თბილ. გეგმის მიხედვით თ-ზე დგას "Разоренное укрепление Корчакала". ციხეს ამავე სახელწოდებით იხსენიებს პ. იოსელიანიც. 1972 აქ ჩა­ტარ­და არქეოლ. გათხრები, გამოვლინდა სიმაგრის ნაშთები. ეკლესიის ნანგრევებს ექსპედიციამ ვერ მიაკვლია.

წყა­რო: მატიანე ქართლისაQ, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  თ., ძველი თბილისის გა­რე­უბ­ნე­ბის ისტორია, თბ., 1977; И о с е л и а н и П. И., Описание древностей гოрода Тифлиса, Тфл., 1866.

თ. ბერიძე.

2. ქართლის კათოლიკოსი დაახლ. VII ს. 30-იან წლებში. მი­სი კათოლიკოსობა ემთხვევა ადარ­ნასეს ერისმთავრობას. მურვან ყრუს ლაშქრობაზე (735–736) თხრობისას ჯუანშერი წერს, რომ "მოსვლასა მისსა კათალიკოსი იყო თაბორ", რაც შეცდომაა. მცხეთის საკა­თოლიკოსო ტახტზე ამ დროს თ-ის სა­ხე­ლით კათოლიკოსი არ ჩანს.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოსპატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000

3. სოფელი ცაგერის მუნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ლაილაშის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხა­რე), მდ. ლაჯანურის (რიონის ­მარჯვ. შენაკადი) ­მარცხ. მხა­რეს. ზ. დ. 840 მ, ცაგერიდან 25 კმ. 155 მცხ. (2002).

თ. მდებარეობს ისტ. ლეჩხუმში. წყა­როებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს-ში. სახელწოდება შემოსულია პალესტინიდან. ნაზარეთის სიახლოვეს იყო ამ სა­ხელით ცნობილი მთა, სადაც მოხდა ქრისტეს ფერისცვალება. სოფელში აღმოჩენილია შუა ბრინჯაოს ხანის მასრაგახსნილი, წვერნაკლული შუბისპირი და ბრინჯაოს სამკაული.

სოფლის განაპირას, მთის ქიმზე, შირიმის კვადრებით ნაგები გვიანდ. შუა საუკუნეების კოშკი დგას. ეს ნაგებობა, როგორც ჩანს, საგვარეულო საძვალე-სამლოცველო კოშკი იყო. ნაგებობის ჩრდ-ით მოსწორებული ბაქანია, სადაც სავარაუდოდ იდგა თავდაპირველი ეკლესია, რ-იც გადარჩენილი დეკორ. ფრაგმენტების მიხედვით XIV ს. მიეკუთვნებოდა. თ-ის დღევანდელ კოშკისებურ ნაგებობას ხალხში დედაღვთისას უწოდებენ, დღესასწაულობენ ხვამლობასა და კოხინჯრობას. ხალხ. გადმოცემის თანახმად თ. სურმუში და ლაილაში აზნაურ ლაიშხურს ეკუთვნოდა, მას ლაილაშისა და თ-ის მიდამოებში ციხეები ჰქონია, თვითონ კი თ-ის სასახლეში უცხოვრია. დადიანს გაუწყვეტია ლაიშხურები და მათ სოფლებს დაპატრონებია. ჯერ კიდევ 1969 ეკლესიაში ინახებოდა შენაწირი ვერცხლის სასმისები, რთაც მხედრული წარწერები ჰქონდა: "ქრისტე, ჯვარცმის თაბორის შეწირული უხმარი ვერცხლი მე გავაჭედინე ლაშხიშვილმა ბახუტამ და ისევე მოგვირთმევია ჩვენის სადღეგრძელოდ. სულის საოხად და საცხონებლად, ამინ". მეორე, უფრო მცირე სახელურიან თასსაც ასევე მხედრულად ეწერა: "მღუდელი დავით ნიკოლოზის ძე ქასელაძე". წარწერები დაახლ. XVIII–XIX სს-ისაა.

თ-ში მოსახლეთა გვარებია: ქარსელაძე, სადილიანი, ახვლედიანი, ლომთაძე, ბაკურაძე, ჩარკვიანი, ხეცურიანი, ჩაჩხიანი, ჯინჭარაძე.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  დ., ბ ა ნ ძ ე ლ ა ძ ე  ი., ს უ რ ა მ ე ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი  მ., ჭ უ რ ღ უ ლ ი ა  ლ., ლეჩხუმი, თბ., 1983.

დ. ბერძენი­შვი­ლი.