თაბუკაშვილი კარლო ფილიმონის ძე (5.IV.1925, თბილისი, – 24.IX. 2004, იქვე), ინჟინერმექანიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1992), საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვილი წევრი (1992). 1948 დაამთავრა სპი, საინჟ.-სატრანსპ. ფაკ-ტი. 1948–51 მუშაობდა ქ. ვლადიმირში წყალმომარაგების სექტორის ინჟინრად. შემდგომ საქართვ. მეცნ. აკად. წყალთა მეურნეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტშია. 1972-იდან სიცოცხლის ბოლომდე სტუ-ში თეორ. მექან. კათედრაზე ეწეოდა პედ. საქმიანობას.
თ-ის კვლევები ეხება ჰიდროტექნიკაში ჰიდრავლიკური პრობლემების გადაწყვეტას და მის დანერგვას პრაქტიკაში. მის მიერ გამოკვლეული ჰიდრავლიკური გაანგარიშების მეთოდები შესულია სსრკ-ის წყალთა მეურნეობის საპროექტო ინ-ტების რეკომენდებულ ნორმატივებში. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი.
თხზ.: Бездействие ветра на русловой поток и оценка изменения его гидравличе- ской структуры, Тб., 2002.
ლაშა რევაზის ძე თაბუკაშვილი
თაბუკაშვილი ლაშა რევაზის ძე (დ. 23. XI. 1950, თბილისი), მწერალი. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2006). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკტი (1972). 1986–88 იყო მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი, 1987-იდან – ახალგაზრდული ალმანახის "სათავის" რედაქტორი, ხოლო 1995-იდან – ლიტ. ჟურნ. "XX საუკუნის" გამომცემელი. 1998 დააარსა მწერალთა კლუბი "XX საუკუნე". თ-ის პირველი მოთხრობა "მოკლეს ბიჭი" დაიბეჭდა ჟურნ. "ცისკარში" 1969, პირველი პიესა "ჭრილობა" 1973 დაიდგა ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახ. თეატრსა (რეჟ. დ. ხინიკიძე) და კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში (რეჟ. გ. თოდაძე). არის ლექსების, მოთხრობების, პიესების ავტორი: "ძველი ვალსი" (1975), "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" (1977), "ათვინიერებენ მიმინოს" (1981), "შენსკენ სავალი გზები" (1984), "მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი" (1997), "თოვლივით თეთრი თოვლი" (2001), "ასტეროიდზე აღარ იწვიმებს" (შოთა რუსთაველის პრემია), მოთხრ. "კომოციო" (2000) და სხვ. თ-ის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: "ტერანგი" (1984, რეჟ. ო. ლითანიშვილი), "სანამ წვიმა გადაივლიდეს" (1985, რეჟ. ქ. დოლიძე), "ვამეხი 417 მოდის" (1987, რეჟისორები: ო. ლითანიშვილი, ო. შამათავა). ცალკე წიგნებად გამოქვეყნებულია "შენსკენ სავალი გზები" (1985), "მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი" (1999), "თოვლივით თეთრი თოვლი" (2001), "ერთიც გაიცინე, გუინპლენ" (2014).
თ-ის შემოქმედების ძირითადი თემაა ახალგაზრდობის ცხოვრება (მთავარი გმირი – ახალგაზრდა კაცი), თაობათა ურთიერთობა. მიღებული აქვს პრემიები: 2005 – წლის საუკეთესო პიესა ("დარაბებს მიღმა გაზაფხულია"), საუკეთესო ქართ. თანამედროვე პიესა ["ათვინიერებენ მიმინოს" ("სულის სამჭედლო, ანუ სისხლი სისხლის წილ")], თეატრ. პრემია "დურუჯი" (ორივე 2010).
მერაბ დავითის ძე თაბუკაშვილი
თაბუკაშვილი მერაბ დავითის ძე (დ. 5. V. 1925, თბილისი), მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1965). 1948 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკტი. 1948–55 შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრის, ხოლო 1956-იდან კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრის მსახიობი იყო. ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: მირეკი (ი. ფუჩიკის "ადამიანებო, იყავით ფხიზლად"), პალიკო (ნ. აზიანის "უკანასკნელი მასკარადი"), ტრავერსენი (კ. გოლდონის "საპატარძლო აფიშით"), ლევან ბატონიშვილი (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), ედუარდ, უელსის პრინცი, ბალთაზარი (უ. შექსპირის "რიჩარდ მესამე", "აურზაური არაფრის გამო"), ფუშე (ვ. სარდუს "მადამ სან ჟენი"), ბანკის დირექტორი (მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე"), რიკარდო (ედუარდო დე ფილიპოს "ნეაპოლი – მილიონერთა ქალაქი") და სხვ. თ. ავტორია მრავალი წერილისა ქართველ ხელოვანთა შესახებ. ეწეოდა ნაყოფიერ მუშაობას ესტრადის ქართვ. მოღვაწეთა პროპაგანდისათვის. ამზადებდა და აწყობდა რუს. რომანსის საღამოებს, თანამშრომლობდა (საორგანიზაციო საკითხებში) დებ იშხნელებთან. თ-ის ძალისხმევით თბილისში გადმოასვენეს მოსკოვში მოღვაწე ცნობილი ქართვ. მომღერლის, რუს. რომანსის უბადლო შემსრულებლის თ. წერეთლის ნეშტი, დაკრძალეს ქართვ. მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ნიკოლოზ ონოფრეს ძე თაბუკაშვილი
თაბუკაშვილი ნიკოლოზ ონოფრეს ძე (25.IV. 1915, თბილისი, –18.VII. 1981, სოფ. ღუდუმექეთი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი), ფერმწერი, პედაგოგი. საქართვ. (1961) და აფხ. (1955) ხელოვნების დამს. მოღვაწე. 1945 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (ა. ციმაკურიძის კლასი). 1945–52 ასწავლიდა ი. ნიკოლაძის სახ. თბილ. სამხატვრო სასწავლებელში. 1952-იდან მოღვაწეობდა სოხუმში, იქ დააარსა სამხატვრო სტუდია, 1955 კი – სამხატვრო სკოლა (მოგვიანებით, სასწავლებელიც), რ-საც ხელმძღვანელობდა 1978 წლამდე. თ-ის შემოქმედების ძირითადი თემაა ბუნება (იმერეთის, ქართლის, აფხაზეთის პეიზაჟები). იგი ქართ. დაზგური ფერწერის რეალისტური ტრადიციების დასახელეერთგული იყო. 1965–75 წლებში სოხუმში მოეწყო თ-ის პერსონალური გამოფენები, გარდაცვალების შემდეგ – თბილისშიც. 1993 შ. ამირანაშვილის სახ. საქართვ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმში გაიმართა თ-ის, მისი მოწაფეების, აფხ. მხატვრების გამოფენა. თ-ის ნამუშევრები ინახება აფხ. სამხატვრო გალერეაში, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში, აღმ. ხალხთა ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი) და კერძო კოლექციებში.
ლიტ.: ა რ ღ უ ნ ი ა., ღვაწლმოსილი მხატვარი და პედაგოგი, «საბჭოთა ხელოვნება », 1976, №3; Ш е р в а ш и д - з е Л., Н.О. Табукашвили, его творчество, педагогическая и общественная деятель- ность, «ქართული ხელოვნება», 1987, ტ. 9В.
მ. თაბუკაშვილი.
ოლღა ვარდენის ასული თაბუკაშვილი
თაბუკაშვილი ოლღა ვარდენის ასული (13. III. 1934, თბილისი, – 4. XII. 2006, იქვე), კინომცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (2006), საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1979). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1955) და რსფსრ მეცნ. აკად. ხელოვნებათმცოდნეობის ინ-ტის ასპირანტურა (1968). 1957–68 იყო გაზეთ "მოლოდიოჟ გრუზიის" კულტ. განყოფილების გამგე. 1970-იდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედ. და სამეცნ. მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნ-ტში. არის ავტორი მრავალი კრიტ. წერილისა და სამეცნ. გამოკვლევისა ქართ. და მსოფლიო კინოხელოვნების ისტორიის სხვადასხვა საკითხზე. საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის პრემიის ლაურეატი (1984). 1984 საქართველოში დასახელებული იყო წლის საუკეთესო კინოკრიტიკოსად.
თხზ.: ნიკოლოზ შენგელაია, თბ., 1974; Софико Чиаурели, М., 1968.
მ. კერესელიძე.
რევაზ შალვას ძე თაბუკაშვილი
თაბუკაშვილი რევაზ შალვას ძე (2. VIII. 1927, თბილისი, – 3. VIII. 1990, იქვე), მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967), შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1986). დაამთავრა მოსკ. საერთაშ. ურთიერთობათა ინ-ტი (1949). თ-ის ლექსები და თარგმანები იბეჭდებოდა XX ს. 40-იანი წლებიდან. მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა საქართვ. თეატრების სცენებზე: "რას იტყვის ხალხი" (კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრი, 1956, რეჟ. ლ. იოსელიანი; 1975 – რეჟ. ლ. ნიკოლაძე; რუსთავის დრამ. თეატრი, 1976, რეჟ. ა. ქუთათელაძე), "დენბურგის ზარი" (რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრი, 1970, რეჟ. გ. ქავთარაძე), "დაბადება" (რუსთავის დრამ. თეატრი, 1977, რეჟ. ა. ქუთათელაძე) და სხვ. ქართ. დრამატურგიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თ-ის პიესა "ამხანაგი გიორგი", რ-იც გამოიცა 1971 (სათაურით "რაიკომის მდივანი" დაიდგა კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრში 1953, რეჟ. ლ. იოსელიანი; რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრში – 1972, რეჟ. რ. სტურუა). ამ პიესით ქართ. თეატრის სცენაზე პირველად გამოჩნდა ფუნქციონერის ტიპი, რ-ის სახესა და ნიღაბს შორის გაჩენილ საბედისწერო ბზარზე მოგვიანებით დაიწყეს საუბარი.
თ-მა დაწერა კინოსცენარები ფილმებისათვის: "წარსული ზაფხული" (1959, რეჟ. ნ. ნენოვა, გ. წულაია), "ჯვარცმული კუნძული" (1968, რეჟ. შ. მანაგაძე), "მზე შემოდგომისა" (1973, რეჟ. თ. ფალავანდიშვილი), "რეპორტაჟი ნიდერლანდებიდან" (1976, რეჟ. გ. ჭუბაბრია), "რაც დავიწყებით არ იბინდება" (1976, რეჟ. გ. ჭუბაბრია), "ორაგულის ბედი" (1977, რეჟ. გ. ჭუბაბრია); აგრეთვე ლიბრეტოები ოპერებისათვის: "მინდია" (კომპოზიტორი ო. თაქთაქიშვილი), "ქაჯანა" (კომპოზიტორი მ. დავითაშვილი) და სხვ. თ-მა თარგმნა უ. შექსპირის სონეტები (1979 გამოიცა "სონეტების კრებული", 1988 – "100 სონეტი", ხოლო 2003 – "სონეტები"). 2013 გამოვიდა თ-ის წიგნი "სცენარები, ლექსები, გამოსვლები, დღიური, მოთხრობები, გახსენება".
თ-მა, როგორც სცენარისტმა და კინორეჟისორმა, გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "კვალი ნათელი" (1978; მიძღვნილი მ. თამარაშვილისადმი, რ-ის საფლავსაც თავად მიაკვლია); "ქართველები იტალიაში", "ალპური ვარსკვლავი" (1979); "ვიტორია სელა", "მთანი მაღალნი" (1980); "მიხეილ ხერგიანი" (1981); "პირველად იყო სიტყვა" (1982); "ფურცლები ფრანგული დღიურიდან" (1983); "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი" (1985; ეძღვნება ე. თაყაიშვილის ცხოვრებას); კინოდილოგია "ნაძარცვის კვალდაკვალ" (1986) და "შორეული სიახლოვე" (1987). ამ ფილმებში გამოიკვეთა მთხრობლის, ანუ თავად ავტორის პოზიცია, რ-იც მთლიანად გამოხატავს თ-ის ესთეტ. და ეთიკურ შეხედულებებს.
თ-ის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა მ. თამარაშვილის ნეშტი (1978), უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. მათ შორისაა თურქ. ტერიტორიაზე არსებული ქართ. ძეგლების ვ. ქიქოძის მიერ გადაღებული ფოტომასალა (700 სლაიდი); ვ. ღამბაშიძის მიერ გადაღებული აკაკი წერეთლის დაკრძალვის პროცესიის ფოტოების ნეგატივები და სხვ.
გ. გაჩეჩილაძე.
თაბუკაშვილი ტრიფონ რომანოზის ძე [13 (25). II. 1866, სოფ. ფარცხნალი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 11. I. 1926, თბილისი], პედაგოგი, მეთოდისტი, საზ. მოღვაწე. 1886 დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია. მუშაობდა ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად სოფ. ძიმითის (ოზურგეთის მაზრა) დაწყებით სკოლაში, ხონის საოსტატო სემინარიაში, თბილ. ცენტრ. საპედაგოგიო ინ-ტში. ავტორია სახელმძღვანელოების: "განთიადი", შრომის სკოლის II და III ჯგუფებისათვის (1923); "მეთოდიკური შენიშვნები გრამატიკის სწავლების შესახებ" (1923); "აისი" (1924); "სასვენი ნიშნების ხმარება" (1925) და სხვ.
თაბუკაშვილი შალვა ტრიფონის ძე [29. III (10. IV). 1893, სოფ. ფარცხნალი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 5. X. 1971, თბილისი], პედაგოგი, მეთოდისტი, საქართვ. დამს. მასწავლებელი (1946), მთარგმნელი, საზ. მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი, ხოლო 1916 – მოსკ. უნ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი. მუშაობდა ქართ. ენისა და ლიტ- რის მასწავლებლად ხარაგაულის, ზესტაფონის ქალთა, ქუთაისის წმ. ნინოსა და ეპარქიულ სასწავლებლებში. თ. ავტორია სახელმძღვანელოებისა: "პუნქტუაცია" (1941), "ქართული ენა მე-3 კლასისათვის" (1944), "მშობლიური ლიტერატურა მე-5 კლასისათვის" (თანაავტორი; 1947). მასვე ეკუთვნის მოთხრობები: "საოცარი გაფრენა" (1933), "გასაოცარი ამბავი" (1934), "უცნაური ძიძა" (1938) და სხვ. თ-მა თარგმნა ი. ტურგენევის "მუმუ"(1937), ა. ჩეხოვის "კაშტანკა" და "კაცი ფუტლიარში" (1946), "ნახტომი" (1938); მ. გორკის "დედა" (1940), "სიმღერა გრიგალზე" და "სიმღერა შევარდენზე" (1946), ლ. ტოლსტოის "ჰაჯი მურატი" (1946). დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
დ. გურგენიძე.