თავდგირიძე ალი-საიფ-ფაშა

 თავდგირიძე ალი-საიფ-ფაშა (1827, თალასი, – 1891, ­სტამბოლი), ოსმალეთის ჯარის მარშალი (მუშირი). დაიბადა ­ქართვ. მუჰაჯირის ოჯახში. მსახურობდა მანასტირის სამხ. გუბერნატორად, სამხ. არსენალის უფროსად, უმაღლეს სამხ. მოსამართლედ. კოსოვოს ოლქის ჯარების მეთაურად.

გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. დაკრძალულია სტამბოლში, ჩემბერლითაშის სასაფლაოზე.

ლიტ.: ქ ა ს ა ბ ი  მ., ოსმალეთის ქართველები, თურქულიდან თარგმნეს გ. გუნიავამ და ე. შექერჯიმ, სტამბოლი, 2012.

რ. სურმანიძე.

 თავდგირიძე ალი-ფაშა [1828, ჩურუქსუ (ქობულეთი), – 1911, სტამ­ბოლი], ოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალ-ლეიტენანტი). მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1853–56, 1877–78) ომებში. მსახურობდა სულთან აბდულ ჰამიდ II-ის ადიუტანტად.

ომის შემდეგ ხელს უწყობდა ქართველების მიგრაციას ოსმალეთში, რათა მათგან შეექმნა ანტირუსული არმია. 1886, ბალკანეთის აჯანყების დროს, ომის დაწყების შემთხვევაში მზადყოფნაში ჰყავდა 4000 ­ქართვ. ჯარისკაცი.

დაკრძალულია სტამბოლში.

ლიტ.: ქ ა ს ა ბ ი  მ., ოსმალეთის ქართველები, თურქულიდან თარგმნეს გ. გუნიავამ და ე. შექერჯიმ, სტამბოლი, 2012; ჭ ი ჭ ი ნ ა ძ ე  ზ., ალი-ფაშა თავდგირიძე, ახალ-სენაკი, 1896.

მ. გოგიტიძე.

თავდგირიძე  ბაჰრი-ფაშა (1870, ქობულეთი, – 1915, სტამბოლი), ოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალი, 1883). მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომში. იყო დივიზიის უფროსი. სხვა­და­სხვა დროს ეკავა შკოდერის და ვანის ვალის თანამდებობები. 1909 თანამდებობიდან გადადგა. დაკრძალულია, სტამბოლში, კარაჯა-ახმადის სასაფლაოზე.

ლიტ.: ს უ რ მ ა ნ ი ძ ე  რ., თავადაზნაურობა და მათი ოჯახები ბათუმის ოლქში, თბ., 2007; ჭ ი ჭ ი ნ ა ძ ე  ზ., მუსლიმანი ქართველობა და მათი სოფლები სა­ქარ­თვე­ლო­ში, ტფ., 1913.

რ. სურმანიძე.

 

Example.jpg" />Caption1 Example.jpg" />Caption2 მინი|
გ. თავდგირიძე (ნ. ფირცხალაიშვილთან ერთად). სასტუმრო "სა­ქართველო". 1949–56.

თავდგირიძე გიორგი ალექსანდრეს ძე (27.IX. 1914, თბილისი, – 22. III. 1957, იქვე), არქიტექტორი. დაამთავრა სპი (1939). მეორე მსოფლიო ომის მონაწილე (1941–45). 1949–55 იყო საპროექტო ინ-ტის "საქსოფლმშენსახპროექტის" მთ. არქიტექტორი, ხოლო 1955–57 – საპროექტო ინ-ტის "საქქალაქმშენ­სახპროექტის" არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელი.

ძირითადი ნამუშევრები: თბილისში – სა­ქართვ. გეოლ. სამმართველოს საცხოვრებელი სახლი (1948, ზ. ფალია­შვი­ლის ქ.), სა­­ ქართვ. სოფლის მეურნეობის ინ-ტის თანამშრომლების საცხოვრებელი სახლი (1954, ვ. კავსაძის ქ.), სასტუმრო "საქართველო" (1949–56, არქიტ. ნ. ფირცხალაიშვილთან ერთად; მელიქი­შვი­ლის ქ.; თავდაპირველად აშენდა როგორც სა­ქართვ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობა). აკად. ნ. მუსხელი­­ შვი­ლის სააგარაკო სახლი მანგლისში (1949), აკად. ი. ბერიტა­­ შვი­ლის და ს. ჯანაშიას სააგარაკო სახლები სოხუმში (1949). პარალელურად 1955-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა სპი-ის არქიტ. კათედრაზე. აზომილი აქვს რამდენიმე ქართ. არქიტ. ძეგლი, მათ შორის ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ეკლესია (1939, არქიტ. მ. კალაშნიკოვთან ერთად).

თ. გერსამია.

 თავდგირიძე ზია-ფაშა (1870, ქობულეთი, – 1940, უსკუდარი), ოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალ-ლეიტენანტი). მამამისი ჰიჯაზის გუბერნატორი იყო. დაამთავრა სამხ. სასწავლებელი და სამხ. აკადემია. ეკავა სხვა­დასხვა თანამდებობები. 1907 მიენიჭა გენ.-მ. სამხ. წოდება. მონაწილეობდა ბალკანეთისა (1912–13) და პირველ მსოფლიო (1914–18) ომებში. იზეთ-ფაშას მთავრობაში ასრულებდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას. 1920–22 იყო სამხ. მინისტრი. დაკრძალულია სტამბოლში, კარაჯა-ახმადის სასაფლაოზე.

ლიტ.: ქ ა ს ა ბ ი  მ., ოსმალეთის ქართველები, თურქულიდან თარგმნეს გ. გუნიავამ და ე. შექერჯიმ, სტამბოლი, 2012.

რ. სურმანიძე.

თავდგირიძე მაჰმუდ-ფაშა [1864, ჩურუქსუ (ქობულეთი), – 31. VII. 1931], ოსმალეთის ჯარის სარდალი (გენერალ-ლეიტენანტი). დაამთავრა ქულელის სამხ. სასწავლებელი (სტამბოლი), მსახურობდა ოსმალეთის გენშტაბში. სარდლობდა დამასკოში (სირია) დისლოცირებულ მე-5 ქვეით ბრიგადას. 1894 მის სახლში მოაწყვეს ­ქართვ. ლტოლვილთა თავშესაფარი. 1897 მონაწილეობდა ბერძნებთან ომში, იტალია-ოსმალეთისა (1911–12) და ბალკანეთის (1912–13) ომებში, სადაც სარდლობდა მე-2 და მე-3 ქვეით ბრიგადებს.

თ-მ 1909 ა. წერეთლის იუბილეს მოსაწყობად და ქართ. ბიბლიოთეკის დასაარსებლად შეწირულობა გაიღო.

1920, სტამბოლის დაპყრობის შემდეგ, დააპატიმრეს და მალტაში გადაასახლეს. დაკრძალულია სტამბოლში კარაჯა-ახმადის სასაფლაოზე.

ლიტ.: კ ა რ ბ ე ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ა., ქართველები თურქეთის ცის ქვეშ, თბ., 1991; ს ვ ა ნ ი ძ ე  მ., ქართველები თურქეთში, თბ., 1996; ფ უ ტ კ ა რ ა ძ ე  შ., სტამბოლის ქარ­თუ­ლი სავანე, თბ., 2012.

რ. სურმანიძე.

 თავდგირიძე მეჰმედ შაქირ-ფაშა (1854, ლივანის რ-ნი, – 1918), ოსმალეთის ჯარის მარშალი (მუშირი, 1905). მსახურობდა კოსოვოს სამხ. გუბერნატორად. იყო სულთან აბდულ ჰამიდ II-ის პირადი მდივანი, ერთხანს გადასახლებაშიც იყო. 1918 იყო საზღვაო და სახმელეთო ჯარების სარდალი. გარ­დაიცვა­ლა მოულოდნელად. დაკრძალულია სტამბოლში, ჩემბერლითაშის სასაფლაოზე.

ლიტ.: კ ა რ ბ ე ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ა., ქართველები თურქეთის ცის ქვეშ, თბ., 1991.

რ. სურმანიძე.

თავდგირიძე ოსმან ნური-ღაზიფაშა (1840, სტამბოლი, – 1898, იქვე), ოსმალეთის ჯარის მარშალი (მუშირი, 1881), წარმოშობით ქობულეთიდან. მსახურობდა სამხ. გუბერნატორად ჰიჯაზში და სირიაში. თ. იყო კარგი კალიგრაფი და მხატვარი. მექაში ააგო არაერთი ისტ. ნაგებობა, მ. შ. სამთავრობო სახლი, 4 სამხ. გარნიზონისა და 18 პოლიციის განყოფილების შენობა; მომლოცველებისათვის მი­ნას მთაზე გაიყვანა წყალი; ააგო სტამბა, სკოლა და საავადმყოფოები; დანერგა ტელეგრაფის სისტემა. ამასთანავე, განმუხტა რეგიონში არსებული პოლიტ. ვითარება, განამტკიცა ოსმალთა მმართველობა.

დაკრძალულია სტამბოლში, კარაჯა–ახმადის სასაფლაოზე.

ლიტ.: ქ ა ს ა ბ ი  მ., ოსმალეთის ქართველები, თურქულიდან თარგმნეს გ. გუნიავამ და ვ. შექერჯიმ, სტამბოლი, 2012.

რ. სურმანიძე.

თავდგირიძე ოსმან-ფაშა (1837, ოზურგეთი, – 1909, სტამბოლი), იყო ქვემო აჭარის მმართველი XIX ს. შუა წლებში. ქობულეთის თავად თავდგირიძეთა პირდაპირი შთამომავალი (იხ. თავდგირიძეები), `აჭარელ ოსმან-ფაშად~ წოდებული. ყირიმისა (1853–56) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომების მონაწილე. ომის შემდეგ ტრაპიზონში გადასახლდა (1878). იყო ტრაპიზონის გუბერნატორი. მოგვიანებით სტამბოლში გადავიდა და იქვე გარდაიცვალა. ცოლად ჰყავდა ქართველი ქალი ნოქთა, რთანაც 5 ვაჟი და 1 ქალი შეეძინა.

ლიტ.: ა ხ ვ ლ ე დ ი ა ნ ი  ხ., ნარკვევი აჭარის ისტორიიდან, ბათ., 1944; ბ ა ქ რ ა ძ ე  დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათ., 1987; ქ ა ს ა ბ ი  მ., ოსმალეთის ქართველები, თურქულიდან თარგმნეს გ. გუნიავამ და ე. შექერჯიმ, სტამბოლი, 2012.

რ. სურმანიძე.

თავდგირიძე ჰასან-ბეგი (დაახლ. 1810, ოზურგეთი, – V. 1854, შეკვეთილი), ოსმალეთის ­ჯარის სარდალი, ქობულეთის კაზის მმართველი. მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) ომში. მჭიდრო კავშირი ჰქონდა გურულ ნათესავებთან, მათი დახმარებით ცდილობდა აჭარლების და გურულების მჭიდრო შეკავშირებას და ერთიანი ძალით რუსების განდევნას. დაიღუპა შეკვეთილთან (იხ. ნიგოითის ბრძოლა 1854) თანამოძმის ღალატის შედეგად. თ-ს თავი მოჰკვეთეს და თბილისში მთავარმართებელს ჩაუტანეს. მასზე შეიქმნა ლექსი და სიმღერა "ჰასანბეგურა".

ლიტ.: ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე  ი., გლეხთა აჯანყება გურიაში, ბათ., 1955; ს უ რ ­ მ ა ნ ი ძ ე  რ., ლაზეთის ლეგენდა, თბ., 2010.

რ. სურმანიძე