თავისუფალი საქართველო

1. ყოველთვიური 24-გვერდიანი ჟურნალი. იბეჭდებოდა პაპიროსის ქაღალდზე. ქართვ. სეპარატისტთა ჟენევის ჯგუფის (პ. სურგულაძე, ლ. კერესელიძე, გ. კერესელიძე, ნ. მაღალა­შვი­ლი) ორგანო. გამოდიოდა ჟენევაში 1913 (N1 – იანვარი; N12 – დეკემბერი); 1914 (N1 – იანვარი; N12 – დეკემბერი). რედაქტორები: პ. სურგულაძე, ლ. და გ. კერესელიძეები.

ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდა 1913 წლის იანვარში, ქ. ჟენევაში. იგი 24-გვერდიანი იყო. ჟენევიდან სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ჟურნალის 2 ნომერი (1913, N2 და 1914, N3) ბიბლიოგრაფმა გ. ბაქრაძემ ჩამოიტანა. ჟურნალში იბეჭდებოდა ანონიმური სტატიები: "ქართველი ერი და ეროვნული ერთობა", "ერის დამოუკიდებლობა და ისტორია", "უბედური ნაბიჯი, ჩეხთა ეროვნული საბჭო", "რისთვის უნდა ქართველ ერს საკუთარი სა­ხელმ­წი­ფო", "ქართველი ერი და მოაზროვნე ქართველობა", "ტერიტორიის შე­სა­ხებ", "საქართველო დევნილი რუსის სამეფო ძალის მიერ" და ა. შ.

XX ს. 40-იან წლებში ჟურნალი დაცული ყოფილა სა­ქარ­თვ. სარევოლუციო მუზეუმში. ერთი ნომერი (1914 წ. 4 აპრილი), რ-იც აღმოჩენილი იყო სტამბოლის ქართვ. კათოლიკეთა მონასტერში, ამჟამად ინახება ქართ. ემიგრაციის მუზეუმში (გ. შარაძის კერძო კოლექცია), პირველი მსოფლიო ომის დროს „ქართველ სეპარატისტთა ჯგუფის“ ანუ „სა­ქართვე­ლოს დამოუკიდებლობის კომი­ტეტის“ და მისი ორგანოს „თავი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ მოღვაწეობაზე ყველაზე უფრო ვრცელ ნარკვევს გვთავაზობს კ. სალია, რ-იც გამოქვეყნებულია ჟურნალში „ბედი ქართლისა“ (N39– 40, პარიზი, 1962), საიდანაც ვიგებთ უშუალო პირველწყა­როზე დამყარებულ უნიკალურ ცნობებს ჩვენთვის საინტერესო საკითხის შე­სა­ხებ.

2.სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ყოველთვიური ჟურნალი (1921 წ. – 1–14; 1922 წ.– 15 – 27). გამოცემის ადგილი – სტამბოლი – პარიზი. გამოსცემდა სარედაქციო კოლეგია.

"თ. ს." გასაბჭოებისა და პირველი დემოკრ. რესპუბლიკის მთავრობის უცხოეთში გახიზვნის შემდეგ (1921 წ. მარტი) სა­ქართვ. ეროვნ. მთავრობისა და მის გარშემო შემოკრებილი პოლიტ. ძალების მიერ საზღვარგარეთ გამოცემული პირველი ემიგრანტული პოლიტ. ჟურნალი იყო. ჟურნალი გამოდიოდა ხელნაწერის უფლებით, იგი ს.-დ. მიმართულების ორგანოა, რ-ის პერიოდულობა სხვადა­სხვანაირი იყო: გამოდიოდა როგორც ყოველთვიურად, ისე ყოველდღიურად; ჟურნალი იბეჭდებოდა ვენურს მიმსგავსებული როგორც ჩვეულებრივი შრიფტით, ისე პეტიტით. ჟურნალის მიზნებსა და სამოქმედო პროგრამას გვაცნობს "თ. ს-ს" პირველ ნომერში 1921 წ. 15 მაისს გამოქვეყნებული მოწინავე წერილი „რედაქციისაგან“: „სა­ქარ­თვე­ლო­ში წითელი არმიის შემოსვლით გაუქმდა თა­ვი­სუ­ფა­ლი აზრი და დამოუკიდებლობა სა­ქართვე­ლოს რესპუბლიკის“.

ჟურნალის რუბრიკები იყო: „რუსეთის მიმოხილვა“, „სა­ქარ­თვე­ლოს ამბები“, „ევროპის პრესიდან“, „საქართველო და ევროპა“. ჟურნალთან, გარდა რედაქციის წევრი ჟურნალისტებისა და საკუთარი კორესპონდენტებისა, თანამშრომლობდნენ როგორც ქართვ., ისე უცხოელი ავტორები, რ-თა შორის მრავალი გამოჩენილი პოლიტიკოსი, სა­ხელმწ. თუ საზ. მოღვაწე იყო: ნ. ჟორდანია, კ. ჩხე­იძე, ნ. რამი­შვი­ლი, ი. წერეთელი, ა. ჩხენკელი, პ. სურგულაძე, ვ. ჩერქეზი­­ შვი­ლი, ფ. მახარაძე, კ. კაუცკი, ლ. დებრიუკერი, რ. მაკდონალდი, ე. გრენიე. ჟურნალის ნომრები ინახება გ. შარაძის კერძო კოლექციაში, ივ. ჯავახი­შვი­ლის სახ. თსუ-ის ქართ. ემიგრაციის მუზეუმში.