აბაშა

აბაშა. ცენტრალური პარკი

აბაშა, ქალაქი (1964-იდან) დას. საქართველოში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი). აბაშის მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდ-ებს აბაშასა და ნოღელას შორის. რკინიგზის სადგური. ზ. დ. 23 , თბილისიდან 283 კმ. 4,9 ათ. მცხ. (2014). ჰავა ზღვიური, ნოტიო სუბტროპ., იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა 14°C, იანვ. 4,9°C, ივლ. 22,9°C; აბსოლ. მინ. –19°C, აბსოლ. მაქს. 39°C. ნალექები 1620 მმ წელწადში.

ა-ში ფუნქციონირებს მცირე სამშენებლო და სასურსათო საწარმოები, არის საჯარო, სპორტ. და სამუსიკო სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება სს „ევექსის კლინიკები“.

ლ. პერტენავა