ბააზოვი გერცელ დავითის ძე

ბააზოვი გერცელ დავითის ძე (28. X. 1904, ცხინვალი, ‒ 1938), მწერალი.

დაიბადა ებრაელი სას. წოდების პირის ოჯახში. სწავლობდა ონის სამოქალაქო სასწავლებელში, შემდეგ თბილ. სათავადაზნაურო გიმნაზიასთან არსებულ ჰუმანიტარულ ტექნიკუმში. 1927 დაამთავრა თსუ სოც.-ეკონ. ფაკ-ტის იურიდ. განყ-ბა. ერთხანს მოსამართლედ მუშაობდა, შემდეგ იყო ჟურნ. „საბჭოთა სამართლის“ მდივანი. 1918 ქუთ. გაზ. „ებრაელის ხმაში“ გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები.

1921 – 22 მხატვარ უ. ჯაფარიძესთან და თეატრმცოდნე დ. ჯანელიძესთან ერთად გამოსცა ლიტ. ჟურნ. „ონი“ (ინიციატორი იყო „ცისფერყანწელი“ პოეტი გ. ჯაფარიძე). 1923 დამკვიდრდა თბილისში. აქაურ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები და თარგმანები. 1924 – 25 ბ-ის ინიციატივით დაარსდა ქართვ. ებრაელთა თვითმოქმედი დრამ. დასი „კადიმა“. ბ-ის პირველი დრამ. ნაწარმოები იყო ალეგორიულ-სიმბოლური ხასიათის დრამა „დილლეამარი“ (1928, ცალკე წიგნად 1929). ერთსულოვანი აღიარება მოუტანა ბ-ს ქართვ. ებრაელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველმა პიესამ „მუნჯები ალაპარაკდნენ“ (1931; დაიდგა კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში 1931 – 32, ცალკე წიგნად გამოვიდა 1937). მორალის პრობლემები წარმოაჩინა პიესაში „განურჩევლად პიროვნებისა“ (1933). ისტ.-რევ. ხასიათისაა პიესა „იცკა რიჟინაშვილი“ (1936). დაწერა აგრეთვე პიესები „ხაგაი“, „შავი ზღვის პირას“; საბავშვო პიესა „ჭინჭარი“ (იდგმებოდა თბილ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში) და სხვ.

ბ-ის პროზაული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მოთხრობები „შემარიას უკანასკნელი სიტყვა“ და „გელათის ქუჩის დასასრული“ (ორივე 1931), ტრილოგიად ჩაფიქრებული რომანი „ფეთხაინი“ (1934, I ნაწ. რუსულად 1936) და სხვ.

საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.

თხზ.: ფეთხაინი, თბ., 1960; პიესები, თბ., 1962.

ლიტ.: ც ი ც ი შ ვ ი ლ ი  გ., გერცელ ბააზოვი, ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1964.

გ. ციციშვილი.