ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი

ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი, ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბაბანეურსა და არგოხთან, კავკასიონის მთავარი ქედის კალთების ძირში, მდ. ალაზნის ნაპირებზე, ზ. დ. 439 – 600 მ.

დაარსდა 1950 მესამეული პერიოდის რელიქტის - ძელქვის იშვიათი მასივის დაცვა-შემონახვის მიზნით. 2003-იდან ბაწარა-ბაბანეური დაცული ტერიტორიების შემადგენლობაშია. ფართობი 770 ჰა. ძელქვა იზრდება როგორც ცალკე კორომად, ისე კავკასიურ რცხილასა და ჯაგრცხილასთან ერთად; შერეულია აგრეთვე მუხა, ნეკერჩხალი და სხვ. ქვეტყეს ქმნის კუნელი, კვიდო, შინდანწლა, ზღმარტლი, ასკილი. გარდა მრავალი სახეობის ფრინველისა, ნაკრძალში ბინადრობენ ძუძუმწოვრებიც ‒ შველი, თეთრყელა კვერნა, მელა და სხვ.

კ. მამისაშვილი.