გაბაშვილი ზაქარია

გაბაშვილი ზაქარია (დაახლ. 1705–1780/82), საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, ბესიკ გაბაშვილის მამა. გ. ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის კარის მოძღვარი იყო. იგი, როგორც ქართული ეკლესიის ორთოდოქსული ფრთის მეთაური, დაუპირისპირდა კათოლიკოს ანტონ I-ს. კონფლიქტის საგნად იქცა ანტონის მისწრაფება კათოლიკობისადმი. 1755 საეკლ. კრებამ გ-ის თაოსნობით ანტონ I თანამდებობიდან გადააყენა. 1756 იგი რუსეთში გაემგზავრა. თეიმურაზ II-ის გარდაცვალების (1762) შემდეგ გ-ის გავლენა სამეფო კარზე შესუსტდა. ერეკლე II-მ ანტონი საქართველოს ეკლესიის მეთაურად აღადგინა (1764). გ-მა გააჩაღა ბრძოლა ანტონისა და ერეკლე II-ის წინააღმდეგ, რის გამოც იგი დააპატიმრეს. საეკლ. კრებამ გ. სარწმუნოების „გამრყვნელად“ გამოაცხადა, შეაჩვენა და მღვდლობიდან განკვეთა. გ. პატიმრობიდან გაიპარა და 1767 ყიზლარში ჩავიდა. 1768–70 იგი მოსკოვსა და პეტერბურგში იყო. იქ ის ბრალს სდებდა ანტონ I-ს სარწმუნოების ღალატში, მაგრამ სინოდმა მხარი არ დაუჭირა. იმედგაცრუებული გ. 1771 იმერეთში ჩავიდა მალე გ-ის მთელმა ოჯახმა თავი მოიყარა სოლომონ I-ის კარზე. ცხოვრობდა ქუთაისსა და გელათში.

გ. განათლებული და ძვ. ქართ. მწერლობაში განსწავლული პიროვნება იყო. მას ეკუთვნის რამდენიმე პოეტური თხზულებაც, მაგ., ვახტანგ VI-ის ძის, გიორგი ბატონიშვილის შესხმა – „ლექსი ეტლზე, რომელ არიან ზოდიაქნი ბურჯნი“ და სხვ. არსებობს მოსაზრება, რომ მასვე ეკუთვნის სატირული პოემა „კატისა და თაგვების ომი“. 1750–51 გ. მიუწვევიათ ერეკლე II-ის სტამბაში, სადაც მან ლიტერატურულად გამართა „კონდაკის“ ტექსტი. გ. იყო გელათის კალიგრაფიული სკოლის ფუძემდებელი. დაკრძალულია გელათში.

ლიტ.: ბარამიძე ა., ბესარიონ გაბაშვილი, წგ.: ბესიკი, თხზულებანი, ალ. ბარამიძის და ვ. თოფურიას რედ., თბ., 1962; კანდელაკი ნ., ქართული მჭევრმეტყველება, თბ., 1968; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; ლეონიძე გ., გამოკვლევები და წერილები, თბ., 1959; მისივე, ძიებანი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. XII–XVIII სს., ტ. 1, თბ., 1949; ქუთათელაძე ლ., ზაქარია გაბაშვილის რიტორული თხზულება და მისი დაწერის თარიღი, „საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1956, ტ. 19 B; ცაიშვილი ს., ბესარიონ გაბაშვილი, წგ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966.

ვ. მაჭარაძე.