გაბესკირია ვიქტორ იპატის ძე

გაბესკირია ვიქტორ იპატის ძე [29. I (11. II). 1903, ფოთი, – 27. VIII. 1964, თბილისი], პოეტი და დრამატურგი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961). დაამთავრა თსუ ფილოლ. ფაკ-ტი (1927). რედაქტორობდა ფოთის გაზ. „პონტოსს“ (1922), ბათ. ჟურნ. „ისპირს“ (1924). სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთების „წითელარმიელის“, „ფუხარას“, „მუშის“, „კომუნისტის“ რედაქციებში; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართვ. მწერალთა კავშირის დრამ. სექციას. გ-ს პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1917, ლექსთა პირველი კრებ. „ზღვა“, რ-იც ქართ. პოეტური მარინისტიკის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია – 1929. შემდგომ მისი შემოქმედებითი პალიტრა თანდათანობით გამდიდრდა, გამრავალფეროვნდა. 1939 გამოცემულ კრებულში გამოიკვეთა სამშობლოს, მისი წარსულისა და აწმყოს თემა. II მსოფლიო ომის წლები აისახა 1949 გამოცემულ ლექსთა კრებულში. „ერთტომეულში“ (1955) გაერთიანდა გ-ს ლირ. ლექსები, პოემები: „ქეთევან წამებული“, „შემთხვევა პიონერთა ბანაკში“, „ნონია მესხი“, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ნ. ნეკრასოვის, ა. მიცკევიჩის, ლესია უკრაინკასა და სხვ. ნაწარმოებთა თარგმანები. პირველი პიესა „ლაქაშებს შორის“ (1929) ქუთ. თეატრში დაიდგა 1934; ქართ. თეატრების რეპერტუარში შედიოდა აგრეთვე მისი პიესები: „მათი ამბავი“ (1938), „მარტოხელა“ (1948–49), „უფსკრულთან“ (1953–54), „გურიის მთები დაუთოვია“ (1958), „შრიალებენ ვერხვები“ (1960) და სხვ., რ-ებშიც მწერალმა დასვა თანამედროვე საზ-ბის მრავალი მტკივნეული პრობლემა, მკაცრად გააკრიტიკა უზნეობა, კორუფცია, პროტექციონიზმი და სხვა მანკიერი გამოვლინებანი. მასვე ეკუთვნის მრავალი წერილი და ნარკვევი, ნოველები და სხვ.

თხზ.: თხზულებანი სამ ტომად, თბ., 1970–74.

ლიტ.: გიორგაძე ნ., ვიქტორ გაბესკირია, თბ., 1996; ვიქტორ გაბესკირია, წგ.: მწერალთა ავტობიოგრაფია, თბ., 2013; რადიანი შ., თანამედროვე ქართული ლიტერატურა, თბ., 1961.