გაბარაშვილი თამარ ბორისის ასული

გაბარაშვილი თამარ ბორისის ასული (დ. 22. VII. 1937, თბილისი), ვიოლონჩელისტი. საქართვ. სახ. არტისტი (1981).საქართველოს სახელმწ. პრემიის ლაურეატი( 1995).

1954–56 სწავლობდა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიაში ჩელოს სპეციალობაზე (ა. ჩიჯავაძის კლასი). 1962 დაამთავრა მოსკ. კონსერვატორია (ჩელოს კლასი, პედაგოგი პროფ. ს. კოზოლუპოვი), 1966 – ასპირანტურა (იქვე, პროფ. მ. როსტროპოვიჩის კლასი). 1966-იდან „მოსკონცერტის“ სოლისტია, 1986-იდან – თბილ. კონსერვ. პედაგოგი, 1987-იდან – სიმებიან საკრავთა კათედრის გამგე.

მისი საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიონალიზმი, ემოციურობა, მუსიკალობა. რეპერტუარში აქვს ი. ს. ბახის, ლ. ბეთჰოვენის, ფ. ი. ჰაიდნის, ლ. ბოკერინის, ბ. ბრიტენის, დ. შოსტაკოვიჩის, ს. პროკოფიევის, ა. შნიტკეს, ს. ცინცაძის, ს. ნასიძის ნაწარმოებები.

მუსიკოს-შემსრულებელთა არაერთი საერთაშ. ფესტივალისა (1962, ჰელსინკი, ოქროს მედალი) და კონკურსის (პაბლო კაზალსის სახ. კონკურსი, ბუდაპეშტი, 1963, III პრემია; ჩაიკოვსკის სახ. კონკურსი, მოსკოვი, 1966, IV პრემია) ლაურეატი. კონცერტებს მართავს ყოფ. სსრკ-ისა და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში (აშშ, კანადა, ფინეთი, ჩეხია, სლოვაკია, უნგრეთი და სხვ.).