გაბაშვილი რევაზ ალექსანდრეს ძე

გაბაშვილი რევაზ ალექსანდრეს ძე (6. XI. 1882, თბილისი, – 14.III. 1969, პარიზი), პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (იხ. ეროვნულ-დემოკრატები) ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოოპერაციული მოძრაობის ერთ-ერთი თავკაცი და ორგანიზატორი. მწერალ ეკ. გაბაშვილის ვაჟი.

1902 დაამთავრა თბილ. სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა ქ. ლიეჟის (ბელგია) ელექტროტექ. ინ-ტში. სწავლის დასრულებამდე დაბრუნდა სამშობლოში. მონაწილეობდა 1905–07 რევოლუციაში, საქართვ. ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ამ წლებში თანამშრომლობდა ქართვ. სოციალისტ-ფედერალისტებთან. მათთან ერთად მდ. თეძმის ხეობაში შექმნა ყუმბარების დამამზადებელი ლაბორატორია. ორჯერ იყო დატუსაღებული და გარკვეული ვადით აკრძალული ჰქონდა თბილისში ცხოვრება. 1906 ემიგრაციაში წავიდა. 1907 დაბრუნდა და პეტერბ. უნ-ტში განაგრძო სწავლა ფიზ.-მათ. ფაკ-ტზე. კურსი ვერ დაასრულა დაპატიმრების გამო.

1911 ჩამოვიდა სამშობლოში. 1912 სხვებთან ერთად დააარსა ეროვნ.-დემოკრ. მიმართულების ჟურნ. „კლდე“ და იყო მისი რედაქტორ-გამომცემელი. „კლდის“ ჯგუფი მოითხოვდა საქართველოს აღდგენას ისტ. ტერიტორიის ფარგლებში და საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დამყარებას გეორგიევსკის ტრაქტატის (1783) საფუძველზე. ჟურნალის დახურვის შემდეგ (1915) თანამშრომლობდა ამავე მიმართულების გაზ. „საქართველოში“. გ-ის ფსევდონიმები იყო ,,რაე“, ,,ღამურა“ და სხვ. I მსოფლიო ომის (1914–18) წინ გ. აქტიურად გამოდიოდა გორის მაზრაში ტირიფონის ველზე სამხ. პოლიგონის მოწყობის წინააღმდეგ; მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის, საადგილმამულო ბანკის მუშაობაში და კოოპერაციულ მოძრაობაში. მისი აქტიური მონაწილეობით შეიქმნა მერძევეობის კოოპერატივი „დიდი ლილო“, მეხილეობის კოოპერატივი „ქართლი“, მეცხვარეობის კოოპერატივი „მწყემსი“, „მეთამბაქეობის კოოპერატივი“ და სხვ. მუშაობდა სათავადაზნაურო საკრებულოს მიწათმოქმედების კომისიაში, რ-მაც სხვადასხვა დაწესებულებისაგან შეიძინა და ქართველ გლეხებს უსასყიდლოდ გადასცა 52 ათ. დეს. მიწა. გ. მონაწილეობდა ეროვნ.-დემოკრ. პარტიის დამფუძნებელ ღონისძიებებში. 1917 თებ. რევოლუციის შემდეგ მონაწილეობდა საქართვ. პირველი ეროვნ. ყრილობის მუშაობაში (1917 წ. 19–22 ნოემბერი); გ. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელ ღონისძიებებში. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრი. ედპ-ს დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად.

1918 წლის მაისში დამოუკიდებლობის გამოცხადების შედეგად ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, ედპ-ს სიით გახდა საბჭოს წევრი, მუშაობდა ამ საბჭოს გზათა კომისიაში. 1918 წლის ოქტომბრიდან იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

1918 წ-ის სექტემბერში გადავიდა დამოუკიდებელ ნაციონალ-დემოკრატთა ფრაქციაში და გახდა მისი მდივანი. გ. ამ ფრაქციის საფუძველზე შექმნილი ეროვნული (მიწის მესაკუთრეთა ეროვნული) პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.

1919 თებერვალში ეროვნული პარტიის სიით მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში, მაგრამ დეპუტატის მანდატი ვერ მიიღო.

1919 წლის ივლისში გაზ. ,,სალ კლდეში“ გამოქვეყნებული ანტიინგლისური ხასიათის სტატიის გამო, რ-იც ამავე დროს სოციალ-დემოკრატიული პარტიის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებსაც შეიცავდა გ. ორი კვირით დააპატიმრეს, ხოლო გაზეთი კი დახურეს.

1921 იანვარში ედპ-სა და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციების გაერთიანებისას გ. გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების (1921) შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ერთხანს სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ – პარიზში დასახლდა. გ. შედიოდა ედპ-ის კონსტანტინოპოლის ბიუროს შემადგენლობაში., იყო სტამბოლის პოლიტკომისიის წევრი.

1922 მონაწილეობდა პარიზში გამართულ ინტერპარტიული კონფერენციის მუშაობაში, რ-ზეც ,,საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“ ჩამოყალიბდა და დააფუძნდა ,,საქართველოს დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმი“. შედიოდა ემიგრაციაში აღმოცენებულ ,,საერთო ფრონტში“.

ემიგრაციაში მისი ჯგუფი გამოეყო ედპ-ს და 1926-28 გაზეთ ,,მამულიშვილის“ ირგვლივ შემოიკრიბა. შემდეგ კი ისინი ალ. ასათიანის ჯგუფს შეუერთდნენ. მოგვიანებით გ. გაერთიანდა ჰ. ბამატის ,,კავკასიის“ ჯგუფში.

1937-39-ში გ. ჟურნალ ,,კავკასიის“ პასუხისმგებელი რედაქტორი იყო.

1951-56-ში გ. გახდა ემიგრაციაში ხელახლა შექმნილი ,,ეროვნული ცენტრისა“ და მისი გაზეთის ,,საქართველოს დამოუკიდებლობა“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. გ-ის წერილები იბეჭდებოდა ჟურნალ ,,კავკასიონში“ (გამოდიოდა პარიზში) და აშშ-ში გამომავალ ქართულ ემიგრანტულ გამოცემებში: ,,კრებული“ და ,,ქართული აზრი“. გ-ს აინტერესებდა და იკვლევდა საქართველოს ისტორიის და ეთნოლოგიის საკითხები.

გ. 1967 წელს პარიზში გამოსცა წიგნი: ,,კავკასიური რასის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში“.

1959 მიუნხენში გამოაქვეყნა მოგონებათა წიგნი ,,რაც მახსოვს“, რ-საც ემიგრანტულ წრეებში დიდი გამოხმაურება მოყვა. მასში იგი აკრიტიკებდა და უარყოფით შეფასებებს აძლევდა ქართველ სოციალ-დემოკრატების (მენშევიკების) მოღვაწეობას.

გ-ს საქართველოში ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი. ემიგრაციაში კი მისი ცხოვრების თანამგზავრი ელისაბედ ყიფიანი იყო.

გ. დაკრძალულია პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე.

თხზ. რაც მახსოვს, წიგნ. დაბრუნება III, თბ., 1992.

ლიტ.: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921). ენციკლოპედია-ლექსიკონი. თბ., 2018. შარაძე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, წგნ. I., თბ., 1991. ჯანელიძე ო., ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.

უ. სიდამონიძე, პ. სურგულაძე.