დავით (გუგული) ალექსანდრეს ძე თორაძე (14. IV. 1922, თბილისი, – 6. XI. 1983, იქვე), კომპოზიტორი, საქართვ. სახ. არტისტი (1961), სტალინური პრემიის ლაურეატი (1951).
1937–39 სწავლობდა თბილ. კონსერვატორიის საკომპოზიციო (ს. ბარხუდარიანის კლასი) და საფორტეპიანო (ა. ვირსალაძის კლასი) განყ-ბებზე, 1939– 41 კი – მოსკ. კონსერვატორიაში (რ. გლიერის საკომპოზიციო კლასი).
1953-იდან იყო თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი (1973იდან – პროფესორი), 1962–68 – საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის თავ-რის პირველი მოადგილე. თ. ძირითადად მუს.-თეატრ. და სიმფონიურ ჟანრებში მოღვაწეობდა.
მისი გამორჩეული ნაწარმოებებია: ოპერები – "მთების ძახილი" (1947) და "ჩრდილოეთის პატარძალი" (1958); ბალეტები – "გორდა" (1949 – ყველაზე სარეპერტუარო ქართ. ბალეტი), "მშვიდობისათვის" (1953) და "მწირი" (1977) – ამ უკანასკნელის მიხედვით შექმნილმა ტელეფილმმა ნიუ-იორკის საერთაშ. კონკურსზე დიდი წარმატება მოიპოვა და გრან-პრი დაიმსახურა (1978). "გორდა" და "ჩრდილოეთის პატარძალი" წარმოადგინეს ქართ. ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში (1958), ხოლო "გორდა" – აგრეთვე უნგრეთსა (1966) და საფრანგეთში (პარიზი, 1966) თეატრის გასტროლების დროს; ოპერეტები – "ნათელა" (1950) და "შურისმაძიებელი" (1952); ორი სიმფონია [I (1946), და II "ქებათა-ქება ნიკორწმინდას" (1968), თანამედროვე ქართ. სიმფ. მუსიკის თვალსაჩინო ნიმუშია], საგუნდო სიმფონია "ქართული ხალხური ჩანამღერები" (გ. ტაბიძის ლექსებზე, 1974), საფორტეპიანო კონცერტი (1983), "აფრიკული ესკიზები" საესტრადო ორკესტრისათვის (1962), საესტრადო სიმღერები ("მოდი ჩემთან"), კინომუსიკა ფილმებისათვის "ჭირვეული მეზობლები", "პალიასტომი", "შეხვედრა წარსულთან", "დღე უკანასკნელი – დღე პირველი" (დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ ფილმში გაჟღერებულმა ლირიკულმა სიმღერამ "გზა მშვიდობისა"), "კაცია ადამიანი?!" და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: ლ ო ნ დ ა რ ი ძ ე ე., დავით თორაძე, თბ., 1993; ტ ო რ ა ძ ე გ., მუსიკის სამყაროში, თბ., 2010; Хучуа П., Советская опера и балет, წგ.: Грузинская музыкальная культура, М., 1978.
გ. ტორაძე.