თაბუკაშვილი შალვა ტრიფონის ძე

თაბუკაშვილი შალვა ტრიფონის ძე [29. III (10. IV). 1893, სოფ. ფარცხნალი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 5. X. 1971, თბილისი], პედაგოგი, მეთოდისტი, საქართვ. დამს. მასწავლებელი (1946), მთარგმნელი, საზ. მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი, ხოლო 1916 – მოსკ. უნ-ტის ფილოლ. ფაკ-ტი. მუშაობდა ქართ. ენისა და ლიტ- რის მასწავლებლად ხარაგაულის, ზესტაფონის ქალთა, ქუთაისის წმ. ნინოსა და ეპარქიულ სასწავლებლებში. თ. ავტორია სახელმძღვანელოებისა: "პუნქტუაცია" (1941), "ქართული ენა მე-3 კლასისათვის" (1944), "მშობლიური ლიტერატურა მე-5 კლასისათვის" (თანაავტორი; 1947). მასვე ეკუთვნის მოთხრობები: "საოცარი გაფრენა" (1933), "გასაოცარი ამბავი" (1934), "უცნაური ძიძა" (1938) და სხვ. თ-მა თარგმნა ი. ტურგენევის "მუმუ"(1937), ა. ჩეხოვის "კაშტანკა" და "კაცი ფუტლიარში" (1946), "ნახტომი" (1938); მ. გორკის "დედა" (1940), "სიმღერა გრიგალზე" და "სიმღერა შევარდენზე" (1946), ლ. ტოლსტოის "ჰაჯი მურატი" (1946). დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

დ. გურგენიძე.