ებრალიძე სოსო სევერიანის ძე

 

ს. ე ბ რ ა ლ ი ძ ე სცენაზე.

ებრალიძე სოსო სევერიანის ძე (დ. 7. XI. 1936, თბილისი), ესტრადის მომღერალი. საქართვ. დამს. არტისტი (1972). 1960 დაამთავრა თბილისის II სამუსიკო სასწავლებელი, 1966 – ხარკოვის ხელოვნ. ინ-ტის დაუსწრებელი განყ-ბა საგუნდო დირიჟორის სპეციალობით. 1955- იდან მუშაობს საქართველოს სახელმწ. ფილარმონიაში. სხვადასხვა მუს. კოლექტივებთან ერთად (ვოკალური ტრიო, სახელმწ. საესტრადო ორკესტრი "რერო") მონაწილეობდა საგასტროლო კონცერტებში სსრკ-ის რესპუბლიკებსა თუ საზღვარგარეთის ქვეყნებში. ერთხანს მღეროდა (1960–61) მოსკოვში ო. ლუნდსტრემის ჯაზორკესტრშიც. 1961 ძმასთან, ა.ებრალიძესთან ერთად დააარსავაჟთა ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლი "დიელო ", 1967 (ისევ ა. ებრალიძესთან ერთად) – ანსამბლი "ციცინათელა". ორივე ანსამბლი გამოირჩეოდა მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით, ეროვნული რეპერტუარით, რის გამოც დიდი პოპულარობა და მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა. ე. 50-მდე სიმღერის ავტორი და შემსრულებელია ("რა დაგიშავე ქალო", "ოციოდე წლის წინ", "რა ყოფილა გურია" – ვ. გოგოლაშვილის ლექსებზე და სხვ.). ე. არაერთი საკავშირო კონკურსის გამარჯვებულია. მის სიმღერებს ასრულებდა სხვადასხვა საესტრადო კოლექტივი ("რერო", "ფლეში" და სხვ.). გადაღებულია კინოფილმებში "წარსული ზაფხული", "შეხვედრა მთაში". დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).