მეტრეველი როინ ვიქტორის ძე

რ. მეტრეველი

მეტრეველი როინ ვიქტორის ძე (დ. 7. XII. 1939, აბასთუმანი), ისტორიკოსი, მედიევისტი, კავკასიოლოგი, საზოგადო მოღვაწე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1977), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (1993, წევრ-კორესპონდენტი – 1988), მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში (1988). დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1962). 1965-იდან ლექციებს კითხულობდა თსუ-ში. სამეცნიერო მუშაობის პარალელურად მ. 1960–72 იყო კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე. ასრულებდა კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივნის, მეორე მდივნის და პირველი მდივნის მოვალეობებს. 1970–72-ში მუშაობდა პარტიის ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო-პარტიული განყოფილების გამგედ. 1966–74  არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად; 1990 – დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პარლამენტის წევრად. არის პირველი ქართული ეროვნული უნივერსალური ენციკლოპედიის ერთ-ერთი გამომცემელი და რედაქტორი (1972–85).

1985–88 იყო ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) რექტორი, 1988-იდან – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, 1991 – 2005 – თსუ რექტორი, საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე (1997–2005), 2005–13 საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი; 2013 ოქტომბრიდან – მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

მ. არის კალიფორნიის (აშშ, სან-ფრანცისკო) ხელოვნების, მეცნიერებისა და განათლების საერთაშორისო აკადემიის წევრი (1996), უმაღლესი განათლების საერთაშორისო აკადემიის (რუსეთი, მოსკოვი) წევრი (1997), ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის (ავსტრია, ზალცბურგი) ნამდვილი წევრი (2009), 1996–2004 – საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი (1996), საქართველო-ისრაელის მეგობრობის საზოგადოების პრეზიდენტი (2002-იდან); ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი (2004), სახალხო (სამოქალაქო) დიპლომატიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (არჩეულია უვადოდ 2008), პოლიტიკურ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი (2013). 1991-იდან ჟურნალ „მაცნეს“ (ისტორიის სერია) რედაქტორი, წელიწდეულების „ქართული დიპლომატია“ (გამოცემულია 19 ტომი) და „კავკაზიკის“ (გამოცემულია 7 ტომი) მთავარი რედაქტორი, ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებათა თორმეტტომეულის მთავარი რედაქტორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიის თავმჯდომარე (1995), საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების „გეორგიკა“ (გერმანია-საქართველო 1997), ,,Историческое пространство” (2007), „კავკასია და გლობალიზაცია“ (ქ. სტოქჰოლმი, ინგლისურ ენაზე, 2009) სარედაქციო კოლეგიის წევრი.

მ. იკვლევს საქართველოსა და კავკასიის ისტორიის, წყაროთმცოდნეობისა (არის ,,ქართლის ცხოვრების“ ქართული (2008) და რუსული (2011) გამოცემების მთავარი რედაქტორი) და ისტორიოგრაფიის, საზოგადოებრივი აზრისა და დიპლომატიის ისტორიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. 12 მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 30-ზე მეტი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია. არის საქართველოს ისტორიის უმაღლესი და საშუალო სკოლების სახელმძღვანელოების ავტორი.

მ. არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1996), მიღებულის აქვს ღირსების ორდენი (1998), ივ. ჯავახიშვილის სახელობის საუნივერსიტეტო (1999) და სააკადემიო (2010) პრემიები, ა. წერეთლის სახელობის პრემია (2000), ფრიტოფ ნანსენის მედალი (2000), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჯილდო – ოქროს ჯვარი (2001), აკადემია (სარეიტინგო) „ფორტუნა“-ს წმინდა გიორგის მედალი (2003), ექვთიმე თაყაიშვილის დიდი მედალი (2003), ფილიპე გოგიჩაიშვილის მედალი (2003), წმიდა გიორგის ოქროს ორდენი (2011),  შოთა მესხიას სახელობის პრემია (2012). არის იყალთოს (1991), ქუთაისის (1996), თბილისისა (1999) და  ბორჯომისა (2000)  საპატიო მოქალაქე, საქართველოს მრავალი უნტ-ის საპატიო პროფესორი. როგორც პარლამენტარმა, ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს (1991 წ. 9 აპრილი).

თხზ.: შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII საუკუნე), თბ., 1973; დეკლასირებული ელემენტები შუა საუკუნეების საქართველოში (V-XII სს.) თბ., 1976; საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება (ისტორიული ნარკვევი, მასალები), თბ., 1982; დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002; ჯვაროსნული ომები და საქართველო, თბ., 2012; რაჭა. შტრიხები წარსულიდან, თბ., 2013. საქართველო რუსთველის ეპოქაში, თბ., 2016; საქართველო რუსთველის ეპოქაში, თბ., 2016; საისტორიო ნარკვევები, თბ., 2009, 2019; საქართველოს სამეფო და ყივჩაყები XI-XII სს, თბ., 2019; ქართული დიპლომატიის ისტორია (თანაავტორი, მთავარი რედაქტორი), თბ., 2022; ბაგრატიონები (ქართ., რუს., ინგლ. ენებზე), თბ., 2023; Давид Строитель, Тб., 2022; Царица Тамар, Тб., 2022; Georgia , Nashville. Tenissee. USA, 1995; The Goldan Age (Georgia from the 11-th century to the first quarter of the 13-th century), Tb., 2010.