ეგრისწყალი, ე გ რ ი ს ი ს წ ყ ა ლ ი, ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, მდინარე დასავლეთ საქართველოში. ე. მოხსენიებულია ძველი ქართველი ისტორიკოსების ლეონტი მროველის, ჯუანშერის თხზულებებში და „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ში. ქართულ ისტორიოგრაფიაში ე-ის ლოკალიზაციის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობაა. ისტორიკოსთა ნაწილი ეყრდნობა ლეონტი მროველის მოსაზრებას ქალაქ ეგრისისა და შემდეგდროინდელი ბედიის იგივეობის შესახებ და ე-ს აიგივებენ მდინარეებთან: ოხოჯასა და ღალიძგასთან. ე-ს მდ. ღალიძგად მიიჩნევენ ის ისტორიკოსებიც, რ-ებიც თვლიან, რომ ძვ. ქართულ საისტორიო წყაროებში მოხსენიებული ე. სასაზღვრო მდინარეს წარმოადგენდა შიდა ეგრისსა (იხ. ეგრისი ) და აფშილეთს შორის. რიგი ისტორიკოსებისა ყურადღებას აქცევს იმ ფაქტსაც, რომ „ეგრისწყლის“ ფუძე ეგერი თუ ეგური შემორჩენილია მდ. ენგურის სახელწოდებაში.
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.1, თბ., 1955; „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის გამოც., წგ. 1, თბ., 1963.
ლიტ.: ბ ე რ ა ძ ე თ., ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული », 1967, [ტ.] 3; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, [ტ.] 1, თბ., 1977.
თ. ბერაძე.