ვ. ბუნებაში

ვ. ბუნებაში. დედამიწის ქერქში ვ-ის საშ. შემცველობა (კლარკი) მასის მიხედვით შეადგენს 7•10  %, ზღვის წყალში 3 • 10  %. ვ. ძირითადად გვხვდება საშუალო და დაბალტემპერატურული ჰიდროთერმული საბადოების [დედამიწის წიაღში ცირკულირებად ცხელ (700–600 °C-იდან 50–20 °C-მდე) მინერალურ წყლებში გახსნილ ნივთიერებათა დალექვისას წარმოქმნილი მთამადნეულის საბადოები], აგრეთვე – სულფიდური საბადოების გამდიდრებულ ზონებში, იშვიათად – დანალექ ქანებსა (ნახშიროვან ნივთიერებათა შემცველი ქვიშაქვები) და ვერცხლის ქვიშრობებში. ცნობილია 50-ზე მეტი ვ-ის შემცველი მინერალი. ვ. ბუნებაში მოიპოვება ორი მდგრადი იზოტოპის ნარევის სახით: 107Ag და 109 Ag. ვ. ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური მასალაა. ვ-ის მდიდარი საბადოებია ამერიკის კონტინენტზე. 2013 მონაცემებით, ვ-ის მსოფლიო მარაგი ფასდება 540 ათ. ტ.

ფიზიკური და ქიმიური თვისებები. ვ. თეთრი ფერის პლასტიკური ლითონია, კარგად პრიალდება, განეკუთვნება კეთილშობილურ ლითონებს. ხასიათდება მაღალი ელექტრო- და სითბოგამ-ტარობით, არეკვლის საუკეთესო უნარით (უახლოვდება 100 %). ვ-ს აქვს ელემენტთა პერიოდული სისტემის I ბ ქვეჯგუფის ელემენტისათვის დამახასიათებელი ქიმ. თვისებები. ნაერთებში ჩვეულებრივ, ერთვალენტიანია. მოთავსებულია ძაბვის მწკრივის ბოლო რიგში. ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ვ. O2, N2, H2-თან არ ურთიერთქმედებს. თავისუფალი ჰალოგენებისა და გოგირდის მოქმედებით ვ-ის ზედაპირზე წარმოიქმნება მცირედ ხსნადი ჰალოგენებისა და სულფიდის Ag2S (რუხი-მოშავო ფერის კრისტალები) დამცავი აფსკი. ატმოსფეროს გოგირდწყალბადის (H2S) გავლენით ვ-ის ნაკეთობათა ზედაპირზე თხელი აფსკის სახით Ag2S წარმოიქმნება, რაც ამ ნაკეთობათა გამუქებას იწვევს. ვ-ის ქვეჟანგი Ag2O და ჟანგი AgO მდგრადი ჟანგეულებია.