ოქსფორდის საერთაშორისო კონფერენცია

2025 წლის 6 ნოემბერს ოქსფორდის ინტერრელიგიური ფორუმის ორგანიზებით, ოქსფორდის უნივერსიტეტის All Souls-ის კოლეჯში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „რუსთველის საჩუქარი კაცობრიობას: „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ენებზე“.  ღონისძიება მიეძღვნა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციის 65-ე წლისთავს. როგორც ცნობილია,  1960 წელს ქართველმა მეცნიერებმა - აკაკი შანიძემ, ირაკლი აბაშიძემ და გიორგი წერეთელმა პალესტინის ჯვრის მონასტერში, მანამდე არსებულ აღწერილობათა მიხედვით, მიაკვლიეს შოთა რუსთაველის ფრესკას და აღადგინეს იგი.

კონფერენციას საქართველოდან მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების უფროსმა, შორენა ოსიპოვამ; იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა; ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვახტანგ ჯაოშვილმა; კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და სხვ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა და სტუდენტებმა წარმოადგინეს „ვეფხისტყაოსნის“ 12 სხვადასხვა ევროპულ და აღმოსავლურ ენებზე შესრულებული თარგმანების შედარებითი ანალიზი, იმსჯელეს არსებულ ისტორიულ, კულტურულ, რელიგიურ და ლინგვისტიკურ თავისებურებებზე, წაიკითხეს პოემის ნაწყვეტები კონფერენციაზე წარმოდგენილ 12 ენაზე.

კონფერენციის თავმჯდომარეობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის საჯარო ორატორი, დოქტ. ჯონათან კაცი.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ბოდლეს ბიბლიოთეკის დირექტორმა რიჩარდ ოვენდენმა; თეა გომელაურმა, რომელმაც შოთა რუსთაველისა და მისი უკვდავი პოემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კონფერენციის მონაწილეებს საპატიო სტუმრის რანგში მიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის სამეცნიერო რედაქციის მთავარმა რედაქტორმა, თსუ-ის პროფესორმა ზურაბ აბაშიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა შოთა რუსთველის ფრესკის აღმოჩენისა და აღდგენის ეროვნულ და საერთაშორისო მნიშვნელობაზე.

ღონისძიება ოქსფორდის უნივერსიტეტის ვიცეკანცლერის, პროფესორ ალექსანდრ ბეტსის მხარდაჭერით გაიმართა.

კონფერენციის პარალელურად მოეწყო გამოფენა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ 287 ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის მიერ ხელით გადაწერილ „ვეფხისტყაოსანს“, რომელიც გურამ ახალაიას თაოსნობით შეიქმნა.