აბაშიძე ვლადიმერ (ლადო) სიმონის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
ვლადიმერ (ლადო) აბაშიძე.

1). აბაშიძე ვლადიმერ (ლადო) სიმონის ძე (1849, სოფ. დილიკაური, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 9. VI. 1917, სოფ. კაცხი, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი), პოეტი, თეატრალური მოღვაწე. პოეტი ქალის ნ. ორბელიანის ძმა. დაამთავრა თბილ. პირველი გიმნაზია. იყო ნ. ავალიშვილის მიერ 1867 ჩამოყალიბებული დრამ. წრის წევრი. 1872-იდან მსახურობდა საჩხერეში, ფოთში, აბაშაში მომრიგებელ მოსამართლედ, მაზრის უფროსის თანაშემწედ და სხვ. ხშირად მართავდა წარმოდგენებს პროვინციაში. ეწეოდა ლიტ. მოღვაწეობას, წერდა ლექსებს. 1878 გაზეთ „დროებაში“ გამოაქვეყნდა მისი ლექსი „ე. ნ-ს“ (ისევ შენ და ისევ შენ...“, მიძღვნილი ელენე კონსტანტინეს ასულ ნიჟარაძისადმი). შემდეგში ეს ლექსი შევიდა კრებულებში („სალხინო საზანდარი“, „ჩანგი“) ავტორის დაუსახელებლად. ლექსი ხალხში სიმღერად იქცა, ხოლო კომპოზ. ანდრია ყარაშვილმა ნოტებზე გადაიღო და პოპულარული ქართ. რომანსი შექმნა. იგი ამშვენებდა ვანო სარაჯიშვილის რეპერტუარს.

ლიტ.: [ირემაძე] ქ., ლიტერატურული მედალიონები, [თბ.], 1946.

მ.შონია.




აბაშიძე ვლადიმერ (ლადო).

2). აბაშიძე ვლადიმერ (ლადო) სიმონის ძე (24. I. 1921, თბილისი, – 4. XII. 1999, იქვე), ანატომი და სამედიცინო ლექსიკოგრაფი. მედ. მეცნ, დოქტორი (1961), პროფესორი (1981), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1983). საქართვ. სამედ.-ბიოლ. მეცნ. აკად. წევრი (1995). 1944 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1943–44 მუშაობდა თბილ. სამხ. ჰოსპიტალში, 1947–70 - საქართვ. მეცნ. აკად. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტში. 1959–68 იქვე განაგებდა ჰისტოლოგიის განყ-ბას. 1966-იდან ქართული ენციკლოპედიის მედ. და ბიოლ. რედაქციის გამგეა, იმავდროულად, 1976-იდან, თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის ანატ. კათედრის პროფესორი. 1966–72 ხელმძღვანელობდა პლასტიკური ანატომიის კურსს თსუ-ის ხელოვნების ფაკ-ტზე. შეისწავლის ზურგის ტვინის ნერვული წნულებისა და სიმპათიკური წველების შედარებით ანატომიას, ხერხემლიანთა ნაწლავების ინერვაციის თავისებურებებს, მსხვილ ნაწლავში გადანერგილი წვრილი ნაწლავის კედელში განვითარებულ ცვლილებებს, რენტგენის სხივების სხვადასხვა დოზის მოქმედებას ნაწლავზე და სხვ. მამასთან, სიმონ აბაშიძესთან ერთად შეადგინა პირველი ქართ. სამედ. განმარტებითი ლექსიკონი. სპორტის ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში, მონაწილეობდა სხვადასხვა საკავშ. („აკადემიადები“, „უნივერსიადა“, „მედიკის“ პირველობა და სხვ.) და რესპ. შეჯიბრებებში.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: მაიმუნის სპინალური ნერვული წნულების მოწყობილობა ფილოგენეზური განვითარების ასპექტში, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე», 1952, ტ. 13, Nº 2, გვ. 111 – 117; Об изменениях интрамуралбных нервных сплетений и слизистой оболочки при илеоколопластике (თანაავტ. ა. ნათიშვილი), «Архив анатомии, гистологии и эмбриологии», 1959, Nº 9; К сравнителной анатомии спинно-мозговых нервных сплетений и симпатических стволов позвоночных, Тб., 1963.