აბაშიძე ივანე (ვანიკო) დავითის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაშიძე ივანე (ვანიკო) დავითის ძე [17 (29). I. 1896, ქუთაისი, – 1937], მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1934). ქუთ. ქართული გიმნაზიის დამთავრების (1918) შემდეგ, 1920–22, სწავლობდა თბილ. კონსერვატორიის ვოკალურ ფაკ-ტზე. 1925 დაამთავრა ა. ფაღავას დრამ. სტუდია. 1924–36 იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. ა. წარმატებით ასრულებდა სახასიათო და კომედიურ როლებს. მის მიერ შექმნილი მკაფიო, დეტალურად დამუშავებული სცენური სახეებიდან აღსანიშნავია სოლომან მორბელაძე (ს. კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურები“, დ. კლდიაშვილის მოთხრობების მიხედვით), იბრაჰიმი (ს. შანშიაშვილის „ანზორი“), ხაბასლო (ა. გლებოვის „ზაგმუკი“), გიორგი (ვ. კირშონის „ქართა ქალაქი“), მუნჯი სიმონა (ს. იანოვსკის „ყამირი“), თორღვაი (გ. რობაქიძის „ლამარა“), როლერი (ფ. შილერის „ყაჩაღები“) და სხვ. 1936-იდან ა. ლანჩხუთის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. დადგმები: შ. დადიანის „ნინოშვილის გურია“ (ე. ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით), ს. კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურები“, გ. ბუხნიკაშვილის „ნაბიჭვარი“ (ვ. შკვარკინის კომედიის „სხვისი ბავშვის“ მიხედვით). მისი სპექტაკლებისათვის დამახასიათებელი იყო დრამატურგიული სახეების ღრმა სოც.-ფსიქოლოგიური გახსნისაკენ სწრაფვა, ანსამბლურობა. დიდ ყურადღებას უთმობდა მსახიობის აღზრდას.

30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.

შ. ცუცქირიძე.