აბაშიძე კიტა (ივანე) გიორგის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
აბაშიძე კიტა.

აბაშიძე კიტა (ივანე) გიორგის ძე [16 (28). I. 1870, სოფ. ლესა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 17 (30). XII. 1917, თბილისი], ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ქუთ. კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1889, პარიზში ისმენდა ფილოსოფიის, ლიტერატურის და ხელოვნ. ისტორიისა და თეორიის ლექციებს. 1890 – 95 სწავლობდა ოდესის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე. 1895-იდან მუშაობდა თბილ. „საკონტროლო პალატაში“, მერე – მომრიგებელ მოსამართლედ რაჭის მაზრასა და ჭიათურაში. 1901-იდან იყო ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს „საურთიერთო ნდობის ბანკის“ თავ-რე, შემდეგ, სიცოცხლის დასასრულამდე – მრეწველთა საბჭოს თავ-რის მოადგილე. 1917 თებ. რევ. შემდეგ იყო ამიერკავკ. „განსაკუთრებული კომიტეტის“ წევრი და განათლების კომისარი. სალიტ. სარბიელზე 1893 გამოვიდა. იმდროინდელ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა ლიტ.-კრიტ. წერილებს XIX–XX სს. ქართ., რუს და ევრ. ლიტ-რის საკითხებზე, თეატრ. რეცენზიებს, პუბლიც. სტატიებს და სხვ. ა-ის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში განმსაზღვრელი როლი შეასრულა „თერგდალეულთა“ შეხედულებებმა, ეროვნ.-განმათ. და დემოკრ. იდეებმა. ა. ბოლომდე ერთგული დარჩა საქართვ. ეროვნ. თვითმყოფობის ილია ჭავჭავაძისეული იდეისა და სიტყვით თუ საქმით დაუცხრომლად იღვწოდა ამ წმინდათა წმინდა იდეის პრაქტიკული განხორციელებისათვის. ა-ის თვალსაზრისზე ხელოვნ. და ლიტ-რის განვითარების კანონზომიერების შესახებ კეთილისმყოფელი გავლენა იქონია ფ. ბრიუნეტიერის ევოლუციურმა მოძღვრებამ, რ-ის მიმდევრადაც თვლიდა იგი თავს. ა-ის ლიტ.-კრიტ. მოღვაწეობა ახ. აღმავალ ეტაპს ქმნის ქართ. კრიტ. აზროვნების ისტორიაში. მისმა სტატიებმა თანამედროვე მწერალთა შესახებ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქართ. ლიტ-რის განვითარებაზე და დასაბამი მისცა XX ს. ქართ. პროფესიულ სალიტ. კრიტიკას, ხოლო ა-ის ფუნდამენტურმა ნაშრომმა „ეტიუდები XIX ს. ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“ საფუძველი ჩაუყარა ახ. ქართ. ლიტ-რის ისტორიას, როგორც სამეცნ. დისციპლინას.

                                                                                                                                                                                 გ. აბაშიძე.
    

თხზ.: ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, დ. გამეზარდაშვილის რედ. და შესავალი წერილით, თბ., 1962; ცხოვრება და ხელოვნება, დ. გამეზარდაშვილის რედ. და შესავალი წერილით, თბ., 1971.

ლიტ.: აბაშიძე გ., კიტა აბაშიძის ცხოვრება და ლიტერატურული მოღვაწეობა, [ნაკვ.] 1-2, თბ., 1964-82; რამიშვილი დ., კიტა აბაშიძე, თბ., 1964.