აბაშიძე ტასო (ანასტასია) ვასილის ასული

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
აბაშიძე ტასო (ანასტასია).

აბაშიძე ტასო (ანასტასია) ვასილის ასული [17 (29). III. 1881, თბილისი, – 15. IX. 1958, იქვე], მსახიობი, საქართვ. სახ. არტისტი (1943), ვასო აბაშიძისა და მაკო საფაროვა-აბაშიძის ქალიშვილი.

დაამთავრა თბილ. ქალთა გიმნაზია. პროფ. განათლება პარიზში, ე. შავანიეს მუს. და დეკლამაციის სასწავლებელში მიიღო. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1899 თბილ. ქართ. დრამ. დასში (სადებიუტო როლი მაშო, ნ. აზიანის „ფული და ხარისხი“). მოღვაწეობდა რუსთაველის სახ. (1921_25), ჭიათურის დრამ. (1926_27) და კ. მარჯანიშვილის სახ. (1933_48) თეატრებში. იყო საუკეთესო ტრავესტი, სახასიათო და კომედიური როლების შემსრულებელი; მისი ხალისიანი და მოხდენილი თამაში გამოირჩეოდა ბუნებრიობით, სიმართლით, ორიგინალობით, სიმსუბუქითა და სიზუსტით. მნიშვნელოვანი როლები: ფანფანი (დე კურსელის „ორი ჯიბგირი“), ავთანდილი (ი. გედევანიშვილის „სინათლე“), ნასტია (ა. ოსტროვსკის „ბედნიერი დღე“), ორომსე (ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), პრიუდანსი (ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე“), რიფსიმე (ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), გაიანე (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“). გამოდიოდა ოპერეტებსა და საოპერო სპექტაკლებშიც: კარმენი (ჟ. ბიზეს „კარმენი“), კერუბინო (ვ. ა. მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“), პერიკოლა (ჟ. ოფენბახის „პერიკოლა“) და სხვ. გადაღებულია კინოში. პირველ ქართულ კინოკომედია „ხანუმაში“ (რეჟ. ა. წუწუნავა, 1926) ითამაშა. ქაბატო – მაჭანკლის როლი.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზულებები:

1. მოგონებანი, თბ., 1954.

ლიტერატურა: დადიანი შ., ტასო აბაშიძე, ტფ., 1924.


                                                                                                                                 შ. ცუცქირიძე.