აბელია (Abelia)

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
აბელია ფლორიბუნდა.

1). აბელია (Abelia), მცენარეთა გვარი ცხრატყავასებრთა ოჯახისა. გვარში 30-მდე სახეობაა. უმეტესობა ფოთოლმცვივანი ბუჩქია, ზოგიერთი–მარადმწვანე. უმრავლესობა გავრცელებულია სამხრ.-აღმ. აზიაში, ორი სახეობა – მექსიკაში. საქართვ. ბაღ-პარკებში ხარობს 5 სახეობა; მათგან ჩინური ა. (A. Chinensis), რ-იც უფრო ხშირად გვხვდება, და მრავალყვავილა ა. (A. Floribunda) დეკორ. მცენარეებია. აქვთ პრიალა ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები. ა. ყვავილობს ხანგრძლივად, ადვილად მრავლდება კალმებითა და თესლით. ყინვა უზიანებს ნორჩ ყლორტებს.

                                                                                                                                       მ. სახოკია.



აბელია. ეკლესია. 1250–59/ სამხრეთ-აღმოსავლეთ ხედი.

2). აბელია, არქეოლოგიური, ხუროთმოძღვრული და ეპიგრაფიკული ძეგლებით მდიდარი უძველესი ნამოსახლარი ქვემო ქართლში (ახლანდ. სოფ. აბელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპ.). გაითხარა 1954 და 1966 (ხელმძღვ. გ. ლომთათიძე). აღმოჩენილია ძვ. წ. IV–III ათასწლეულთა მიჯნის ნამოსახლარი. გამოვლინდა კერა, თიხის ჭურჭელი, ხელსაფქვავი, ქვის ცული, ობსიდიანის ლოდები და სხვ. აღმოჩნდა ძვ. წ. III–I სს. სამაროვანიც. ფილაქვით ნაშენ მომცრო სამარხებში მოკუნტულად ჩასვენებულებს ჩატანებული ჰქონდათ შავი და წითელი თიხის პატარა ჭურჭელი, ბრინჯაოს და რკინის ზურგჩაზნექილი სამაჯურები, ბრინჯაოს ბეჭდები (ერთის ფარაკზე ფასკუნჯია გამოსახული), მინისა და ქვის მძივები (ერთი გიშრისა, ირმის გამოსახულებიანი), ლურჯი მინის მრავალწახნაგა 3 მძივ-საბეჭდავი, რ-ებზეც გამოსახულია მხედრის ნადირობა ლომზე, ხარ-ირმისა და ფურ-ირმის თამაში, კვიციანი ცხენი. საქართველოში (მცხეთა, შიდა ქართლი, კლდეეთი და სხვ.) აღმოჩენილი ასეთი საბეჭდავები მიჩნეულია იბერიის მხატვრული სახელოსნოების ნაწარმად. ამ აღმოჩენათა მიხედვით ა. საქართვ. ერთ-ერთი უძველესი სოფელია. XI– XV სს-ში სამეფო დომენია, XVI–XVIII სს-ში საბარათიანოში შედიოდა.

ისტ. საბუთებიდან (1580; 1653) ჩანს, რომ XVII ს-ში ა. ქართული სოფელია. XVIII ს-ში მოსახლ. უმეტესობა ქართული იყო, შემდეგ თანდათან იკლო და XIX ს-ში უკვე მცირე ნაწილიღა დარჩა. სოფლის ახლანდელ მოსახლ. ძირითადად ბერძნები შეადგენენ.

სოფლის განაპირას დგას ალგეთის თლილი ქვით შემოსილი დარბაზული ეკლესია. გეგმით სწორკუთხა, წაგრძელებული ნაგებობა გადახურულია საყრდენ თაღებზე ამოყვანილი ცილინდრული კამარით, რ-იც გარედან ორფერდა სახურავის ქვეშაა მოქცეული. აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. შესასვლელი ერთია – სამხრ-იდან. შიგნით ეკლესია შელესილი იყო, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია დატანებული. საკურთხეველი შენობის იატაკის დონესთან შედარებით შემაღლებულია, ხოლო ნავის კედლებს გარს უვლის ქვის საფეხური. აღსანიშნავია ძეგლის აზიდული, დახვეწილი პროპორციები და სადა, ორიგინალური დეკორი, შესრულების ოსტატობის მაღალი ხარისხი. სამხრ. ფასადზე ამოკვეთილი ვრცელი ასომთავრული წარწერიდან ირკვევა, რომ ტაძარი აგებულია 1250–59 შორის დავით ულუსა და დავით ნარინის ერთობლივი მეფობის ხანაში. ეს არის საქართვ. ისტ. წარსულის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული პერიოდი – მონღოლთა ბატონობის ხანა, რ-ის შედეგად დაიწყო ქვეყნის ეკონ. და პოლიტ. დაკნინების სწრაფი პროცესი. წარწერის ავტორი, მანგლელი მთავარეპისკოპოსი არსენ მშვილდაძე მოგვითხრობს იმ გასაჭირზე, რაც ტაძრის მშენებლებს დაადგათ მონღოლთაგან.

-ს წარწერა 1905 აღმოაჩინა, გამოიკვლია და გამოაქვეყნა ე. თაყაიშვილმა. წარწერაში მოხსენიებულნი არიან დავით ულუ და დავით ნარინი, რუსუდან მეფის ასული თამარ-ხათუნი და დავით ულუს ძე გიორგი.


                                                                                                                     გ. ლომთათიძე.   დ. ბერძენიშვილი. 
                                                                                                                          
                                                                                                                     ი. ციციშვილი.

ლიტერატურა:

1. გომელაური ი., ხუროთმოძღვრული ძეგლი სოფ. აბელიაში, «მაცნე», 1968, Nº 1.