აბიხი (Abich) ოტო ვილჰელმ ჰერმან

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
აბიხი ოტო ვილჰელმ ჰერმან.

ᲐᲑᲘᲮᲘ (Abich) ოტო ვილჰელმ ჰერმან (რუსეთში ცნობილი იყო როგორც გერმან ვილგელმის ან ვასილის ძე) (11. XII. 1806, ბერლინი, – 1. VII. 1886, ვენა; დაკრძალულია ქ. კობლენცში, გერმანია), გერმანელი ბუნებისმეტყველი, გეოლოგი, კავკ. მკვლევარი. პეტერბ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1853), საპატიო აკადემიკოსი (1866).

1831 დაამთავრა ბერლინის უნ-ტი. იკვლევდა მინერალოგიის საკითხებს და იტალ. ვულკანებს. 1842–47 იყო დერპტის (ახლანდ. ტარტუ) უნ-ტის პროფესორი. 1847–76 მსახურობდა რუს. სამთო დეპარტამენტში. 1818– 50 იყო თბილისის მაგნ.-მეტეოროლ. ობსერვ. დირექტორი. 1854–76 ცხოვრობდა კავკასიაში. მის სახელთან არის დაკავშირებული კავკ. გეოლოგიის პირველი სისტემ. კვლევა. „ამ მეცნიერს სამართლიანად უწოდებენ კავკასიის გეოლოგიის მამას“ (ა. ჯანელიძე). -მა შეისწავლა კავკ. მრავალი რეგიონის გეოლ. აგებულება, აღმოაჩინა და აღწერა სასარგებლო წიაღისეულის (ქვამარილი, ქვანახშირი, მანგანუმი, ნავთობი და სხვ.) საბადოები (მ. შ. ჭიათურის მანგანუმის საბადოები). ა. იყო კავკ. მიწისქვეშა წყლების შესწავლის პიონერი. მნიშვნელოვანი გამოკვლევა აქვს თბილ. თერმული წყლების შესახებ. პირველმა შეისწავლა და აღწერა თბილ. თერმული წყლების იმჟამად ცნობილი ყველა ბუნებრივი გამოსასვლელი, გამოთვალა საერთო დებიტი და გამოთქვა მოსაზრება მათი სამკურნ. მიზნით გამოყენების შესახებ. დიდ ყურადღებას აქცევდა თანამედროვე გეოლ. პროცესებს (მიწისძვრები, მყინვართა მოქმედება). საყურადღებო გამოკვლევები აქვს კავკ. ფიზ. გეოგრაფიის, საკუთრივ ოროგრაფიის, მეტეოროლ. და კლიმატოლ. საკითხებზე. -ის შრომებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კავკ. გეოლ. და საერთოდ ბუნების შესახებ მწყობრი მეცნ. წარმოდგენების ჩამოყალიბებას, კავკასიაში სამთო საქმის განვითარებას. -ს ეკუთვნის კავკასიისადმი მიძღვნილი 18 მეცნ. ნაშრომი, მ. შ. 20 ვრცელი მონოგრაფია თანდართული გეოლ. რუკებით. 1876 იგი გადასახლდა ვენაში, სადაც სამ ნაწილად მოამზადა განმაზოგადებელი ნაშრომი კავკ. გეოლოგიის შესახებ (1878–87). ამ ნაშრომის I და II ნაწილებს მიენიჭა რუს. გეოგრ. საზ-ბის კონსტანტინეს მედალი (1883).

                                                                                                       ვ. ჯავრიშვილი.

თხზულებები:

  1. Geologische Forschungen in den kaukasischen Ländern, TI. 1 – 3, W., 1878 – 87;
  2. Исследование настояших и древних ледников Кавказа, «Сборник сведений о Кавказе», т. 1, Тфл., 1865.

ლიტერატურა:

  1. Волкова С. П., Тихомиров В. В., Жизнь и труды Германа Вильгельмовича Абиха, კრ.: Очерки по истории геологических знаний, в. 8, М., 1959 (ახლავს ა-ის შრომების ბიბლიოგრაფია და ლიტ-რა მის შესახებ).