V ტომის წარდგენა

2024 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარმა რედაქტორმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ აბაშიძემ ენციკლოპედია „საქართველოს“ ახლადგამოცემული V ტომი წარადგინა.
 
სხდომა შესავალი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი, ცნობილი ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი და ბაკურ კიღურაძე; აკადემიკოსები: ელიზბარ ჯაველიძე, ლია მელიქიშვილი, ჯონი ხეცურიანი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე და სხვ.
 
 ენციკლოპედია „საქართველოს“ V ტომი მოიცავს ტერმინებს კვირადღე - მედიაცია, მასში განთავსებულია 3000-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, 800-მდე ფოტო, რუკა და ილუსტრაცია (ტირაჟი - 700 ეგზ.). გამოცემაში გამოყენებულია პირველი ქართული უნივერსალური ენციკლოპედიის მრავალტომეულში განთავსებული განახლებული მასალა, ასევე, სხვა საენციკლოპედიო გამოცემებში („თბილისი“, „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“ – 6 წიგნი, „ქართული ენა“) არსებული უახლესი ინფორმაცია და მონაცემები, ცნობილი ქართველი მეცნიერებისა და სპეციალისტების კვლევები.
 
ენციკლოპედიაში დიდი ადგილი ეთმობა დღემდე ნაკლებად ცნობილ ფაქტებსა და მოვლენებს, ასევე ემიგრაციაში მყოფ ქართველ მოღვაწეთა საქმიანობასა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი თვალსაჩინო წარმომადგენელთა მოღვაწეობას საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, რაც ადრეულ გამოცემებში ნაკლებად შუქდებოდა.
მკითხველი გაეცნობა საქართველოს შესახებ არსებულ მრავალფეროვან და უახლეს ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ფაქტსა თუ მოღვაწეზე, ასევე - იმ მოვლენებზე, რომლებმაც კვალი დააჩნიეს ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.
ტომში მრავლადაა სტატიები ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ, რომლებიც პირველად ქვეყნდება.
 
ენციკლოპედია „საქართველოს“ ხუთივე ტომის 14327 სტატია განთავსებულია ვებგვერდზე georgianencyclopedia.ge. 
 
მიმდინარე წლიდან დაიწყო სტატიების თარგმნა ინგლისურ ენაზე (დღეისათვის დაახლოებით 400 სტატია), რომლებიც ასევე განთავსებულია ამავე ვებგვერდზე.
Caption