ენციკლოპედია „საქართველოს“ ვებგვერდის წარდგენა თსუ-ში

 

2023 წლის 8 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ქართული ენციკლოპედიის ვებგვერდის (georgianencyclopedia.ge) წარდგენა გაიმართა.

განახლებული ვებგვერდი ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარმა რედაქტორმა, თსუ პროფესორმა ზურაბ აბაშიძემ წარადგინა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვებგვერდი საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობას იძლევა. მასზე განთავსებულია ენციკლოპედია „საქართველოს“ უკვე გამოცემული ტომები. უახლოეს მომავალში გამოიცემა მე-5 ტომიც. ენციკლოპედიაში თავმოყრილია მაღალ აკადემიურ დონეზე შექმნილი 13 ათასამდე სტატია საქართველოსა და ქართველების შესახებ, ყველა მნიშვნელოვანი ფაქტის, მოვლენისა თუ ისტორიული პირის თაობაზე. ენციკლოპედიის რედაქცია მუდმივად ანახლებს მასალებს და ამატებს ახალ სტატიებს.

თსუ რექტორის, ჯაბა სამუშიას, თქმით, ქართული ენციკლოპედიის ვებგვერდის ბმული განთავსდება თსუ ბიბლიოთეკის ვებგვერდზე, საძიებო სისტემებში, რომლებითაც ისარგებლებენ როგორც თსუ-ის სტუდენტები, ასევე - პროფესორ-მასწავლებლებიც. ენციკლოპედიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია საინტერესო და საჭირო წყაროა ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით სანდო წყაროა აკადემიური საქმიანობისთვის.

თსუ რექტორმა ქართული ენციკლოპედიის რედაქციას ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის ინგლისურ ენაზე თარგმნაში უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსით მხარდაჭერა შესთავაზა.