პრეზენტაცია წიგნისა "ირაკლი აბაშიძე" და ი. აბაშიძის დაბადებიდან 113 წლისადმი მიძღვნილი საღამო

მწერალთა სახლში, 2022 წლის 23 ნოემბერს, მოეწყო გამოჩენილი ქართველი პოეტ-აკადემიკოსის და საზოგადო მოღვაწის, ირაკლი აბაშიძის დაბადებიდან 113 წლისადმი მიძღვნილი საღამო.

ირაკლი აბაშიძის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი მამულიშვილური საქმე: იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია, რუსთაველის 800 წლის იუბილე, ქართული ენციკლოპედიის დაარსება და მრავალი სხვა. ირაკლი აბაშიძე წლების განმავლობაში თავმჯდომარეობდა მწერალთა კავშირს, იყო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი და რაც მთავარია, ქართული პოეზიის ცის კაბადონზე გაიელვა მისმა ფილოსოფიურმა ლირიკამ.

ირაკლი აბაშიძის „პალესტინა, პალესტინა“ პოეტური გარდასახვის, ფანტაზიის, ცნობიერების, გემოვნების, ცხოვრებისეული სტილისა და ეპოქის ენის, სიტყვასთან და სიცოცხლესთან ჭიდილის ძეგლია.

შთამომავლობას დარჩა ირაკლი აბაშიძის პოეზია და ქართული საქმე.

გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ირაკლი აბაშიძე“, რომლის გამოცემის იდეის ავტორი და სპონსორია ვახტანგ ვეფხვაძე. გამოცემის რედაქტორი და შემდგენელია აკადემიკოსი ვალერი ასათიანი, ილუსტრაციები მოამზადა დემიკო ლოლაძემ,  დიზაინერი გახლავთ კახა ბახტაძე.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ირაკლი აბაშიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს: აკადემიკოსებმა ვალერი ასათიანმა და როინ მეტრეველმა, პოეტებმა ემზარ კვიტაიშვილმა და ლია სტურუამ.